თურქულ შეკრებაზე დინამო თბილისის მეოთხე სპარინგ-პარტნიორი ტულის არსენალი იქნება. შეხვედრა 25 თებერვალს თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.
არსენალი 1946 წელს დაარსდა. გუნდმა 2007 წელს წელს შეწყვიტა არსებობა და მის ბაზაზე შეიქმნა ორუჟეინიკი, ხოლო 2011 წელს ისევ აღდგა ძველი სახელწოდებით. გუნდი საშინაო მატჩებს 20 000 მაყურებელზე გათვლილ არსენალის სტადიონზე ატარებს. გუნდის ფერები კი წითელსა და ყვითელშია გადაწყვეტილი. სხვა და სხვა დროს მეთოფეებს ზენიტი, ტრუდი, შახტიორი, მეტალურგი, მაშინოსტროიტელი, ტოზი და ორუჟეინიკი ერქვათ.
ტულის გუნდი 2014/2015 წლებში აღზევდა რუსეთის პრემიერ ლიგაში, თუმცა ადგილი ვერ შეინარჩუნა და ჩამოქვეითდა. მომდევნო გათამაშებაში ისევ მოიპოვეს პრემიერ ლიგის საგზური და დღეს დღეობით 17 ჩატარებული თამაშის შემდეგ გათამაშების ცხრილში მე- 15 ადგილზე იმყოფებიან. მიმდინარე შეკრებაზე რუსულმა გუნდმა უკვე 7 საკონტროლო მატჩი ჩაატარა, შესაბამისად: ლუდოგორეცთან 1:1, ყარაგანდის შახტართან 0:1, მარიბორთან 1:1, რადნიკთან 1:0, მილსამთან 3:3, პახტაკორთან და ასტანასთან უგოლოდ 0:0.
არსენალის შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების მცველი - გია გრიგალავა თამაშობს. ჩვენს მომავალ მეტოქეს 2016 წლიდან ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი და ვეტერანი ფეხბურთელი- სერგეი კირიაკოვი თავკაცობს.