10 მაისს, საქართველოს 29- ე ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ჩვენი გუნდი ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართავს. თბილისური დერბი დინამო არენაზე 19.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი 1936 წელს დაარსდა. იგი რკინიგზის ტრანსპორტის მუშაკთა საკავშირო ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებას წარმოადგენდა, რომელშიც გაერთიანდნენ დარგის მუშაკები, ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რკინიგზის წარმოება-დაწესებულებათა, სატრანსპორტო მშენებლობისა და მეტროპოლიტენის მოსამსახურეები. აგრეთვე, რკინიგზის სამინისტროს სისტემაში შემავალი უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების სტუდენტები და მოსწავლეები.
ლოკომოტივი საშინაო მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 25 000 მაყურებელს იტევს. გუნდის ფერები კი ტრადიციული წითელი და თეთრია. ლოკომოტივს 1988-1989 წლებში ომც ლოკომოტივი ერქვა, 1990-1993 წლებში თბილისელები მერანის სახელით ასპარეზობდნენ, ხოლო 1993-1995 წლებში ჩვენს მომავალ მეტოქეს მერანი-ბაჩო ერქვა. ლოკომოტივი სსრკ- ს უმაღლეს (1938 და 1940), პირველ (1939, 1946-1948, 1959-1970) და მეორე ლიგებში (1936-1937, 1981-1982, 1984-1986, 1988-1989) გამოდიოდა. საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლოკომოტივს დებიუტი 1997 წელს ჰქონდა. გუნდი არის საქართველოს თასის სამგზის მფლობელი 2000, 2002 და 2005 წლებში. პირველობის ვერცხლის მედალოსანი 2001 და 2002 წლებში და 1999 წლის პრიზიორი.
მწვრთნელი და ლოკომოტივი
2016 წლის ოქტომბრიდან თბილისის ლოკომოტივს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობს. მისმა გუნდმა გასული პირველობის თეთრი ჯგუფი ჩატარებული 12 მატჩიდან დაგროვებული 15 ქულით, მეხუთე ადგილზე დაასრულა. მიმდინარე ჩემპიონატში კი ლოკომოტივი ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა და ჩატარებული 10 შეხვედრის შემდეგ დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე
ლოკომოტივმა ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ბათუმის დინამოსთან ჩაატარა და 2:1 იმარჯვა. შემდეგ ლოკომოტივმა ჩვენს გუნდს აჯობა 1:0. ამას მოჰყვა ორი მარცხი- თასზე ნორჩ დინამოელთან 0:1 და ჩემპიონატში საბურთალოსთან 1:2. შემდეგ იყო ფრე ქუთაისის ტორპედოსთან 1:1 და გამარჯვება კოლხეთთან 5:0. იმავე ანგარიშით ლოკომოტივმა ქობულეთის შუქურა დაამარცხა და შემდეგ ორი ფრე ითამაშა. 3:3 გორის დილასთან და 0:0 სამტრედისთან. ბოლო ორი მატჩი ლოკომოტივმა სათავისოდ დაასრულა. ჩიხურას 5:0 მოუგო და ბათუმში დინამოს აჯობა 2:1.
დინამო VS ლოკომოტივი
დინამო და ლოკომოტივი ტრადიციული მეტოქეები გახლავთ, რაზეც მათ მიერ ჩატარებული მატჩების სტატისტიკაც მეტყველებს. უმაღლეს ლიგაში ეს გუნდები ერთმანეთს 44- ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 25- ჯერ წარმატება დინამოელებს დარჩათ, 12 მატჩი ყაიმით დასრულდა და 7 შეხვედრა ლოკომოტივმა მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 64/24 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
ყველაზე დიდი სხვაობით დინამომ ოთხჯერ დაამარცხა მეტოქე. 1997 წლის 30 აპრილს, ამ გუნდების სადებიუტო შეხვედრაში ლურჯ-თეთრებმა 4:0 აჯობეს თეთრ-წითლებს. დავით მუჯირმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა. მეორედ დინამომ 4:0 1999 წლის 19 სექტემბერს დააფიქსირა. მიხეილ აშვეთიას დუბლს, თითო გოლი კლიმენტი წიტაიშვილმა და რობერტ ზირაქიშვილმა მიამატეს. 2015 წლის 21 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩში დინამომ 4:1 მოიგო. თბილისურ დერბიში დინამოელთაგან თავის გამოჩენა გიორგი თევზაძემ, მათე ცინცაძემ, ჯაბა ჯიღაურმა და ზაზა ჭელიძემ მოახერხეს. 2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა მესამედ აჯობა ლოკომოტივს 4:0. გოლები გიორგი პაპუნაშვილმა, ვახტანგ ჭანტურიშვილმა, ბექა მიქელთაძემ და ჯაბა ჯიღაურმა გაიტანეს ლოკოს კარში. დიდი ანგარიშით დინამო ერთხელ- 2000 წლის 23 სექტემბერს დამარცხდა. ლოკომოტივმა 3:0 მოიგო. ყველაზე მეტი გოლი ამ გუნდების დაპირისპირებაში 2008 წლის 10 მაისს გავიდა. ჩვენმა გუნდმა პირველობის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის სტატუსით 6:5 მოუგო ლოკომოტივს. მათე ვაწაძემ და მიხეილ ხუციშვილმა დუბლი შეასრულეს. თავის გამოჩენა ასევე ჯორჯ აკირემმა და ლევან ხმალაძემ მოახერხეს. ყველაზე პოპულარული ანგარიში გუნდების დუელში გახლავთ 1:0, რომელიც 14- ჯერ დაფიქსირდა. 12 ნათამაშები ყაიმიდან კი 11 უგოლოდ დასრულდა. მათე ვაწაძეს დინამოელთაგან ყველაზე მეტი- 6 გოლი აქვს გატანილი ლოკომოტივის კარში.
ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 2017 წლის 11 მარტს შედგა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი, უკრაინელი- ბოგდან მიშენკო გამოტოვებს.
დინამო - ლოკომოტივი | მსაჯი
შეხვედრას ლოკომოტივის წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ი. კვირიკაშვილი და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ჯ. ხორავა შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა 5 მაისს, ეროვნული ლიგა 2- ში გამართული ზუგდიდი 2:3 სიონი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ოთხჯერ გააფრთხილა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გოგა კიკაჩეიშვილმა ბოლოს 2017 წლის 9 აპრილს იმსაჯა. ბათუმის დინამოს წინააღმდეგ ქობულეთში გამართულ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გოგა კიკაჩეიშვილი (25 წლის)
===========================================
ეროვნული ლიგა - 58 თამაში / 226 ყვითელი / 16 წითელი / 9 პენალტი
ეროვნული ლიგა 2 – 109 თამაში / 420 ყვითელი / 36 წითელი / 29 პენალტი
საქართველოს თასი - 15 თამაში / 42 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
მალტის პრემიერ ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
ლოკომოტივის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
თევდორაძე - რეხვიაშვილი, ხიდეშელი, ჭანტურია, ღონღაძე - დიასამიძე, კიკნაძე, უბილავა, ქავთარაძე - სიხარულიძე, გავაშელიშვილი