კვირას 5 მარტს, დინამო თბილისი 29- ე ეროვნულ ჩემპიონატში ჩაერთვება. ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთი 1913- ის წინააღმდეგ დინამო არენაზე გამართავს. მატჩი 15.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 37 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 125/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება- ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.
ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 24 აპრილს ფოთში პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ოთხი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 3:1 აჯობეს და პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს ეროვნული ჩემპიონის მეთექვსმეტე ტიტული. გოლები გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ გაიტანეს.