28 მაისს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურში ერთმანეთის წინაშე დინამო თბილისი და დინამო ბათუმი წარსდგებიან. მტკვრისპირელთა და ზღვისპირელთა 52- ე დაპირისპირება თბილისში, დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 51 მატჩიდან, 36- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 105/44 თბილისელთა სასარგებლოდ.
ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ათჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.
ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2017 წლის 9 აპრილს ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ბოლოს გამარჯვების მომტანი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.