• Geo
  • Eng
27.05.2017
დინამო თბილისი - დინამო ბათუმი | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 21.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის (14 წლიანი პაუზის შემდეგ) ბათუმელები საშინაო შეხვედრებს საკუთარ ქალაქში, რაგბი არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ზღვისპირელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად ამა წლის მაისიდან ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი- ამირან მუჯირი მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა საჩხერის ჩიხურასთან 0:0 ითამაშა, ხოლო ქობულეთის შუქურას 4:2 მოუგო. ბათუმელები 16 ქულით სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფებიან.

 

 

დინამომდე

ბათუმელებმა 2017 წლის პირველობა ლოკომოტივთან 1:2 მარცხით გახსნეს. შემდეგ გორის დილას აჯობეს 1:0 და თასის 1/16 ფინალში ფოთის კოლხეთთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ. შემდეგ იყო მარცხი სამტრედიასთან 0:1 და ორი გამარჯვება. შესაბამისად ჩიხურასთან 1:0 და შუქურასთან 2:0. ამას ბათუმელებმა სამი წაგება მიაყოლეს. შესაბამისად: დინამო თბილისთან 0:1, საბურთალოსთან 0:2 და ტორპედოსთან 1:3. ამის შემდეგ ბათუმელებმა კოლხეთს მოუგეს 1:0 და ისევ მიჯრით სამი მარცხი. ლოკომოტივთან 1:2, დილასთან 2:3 და სამტრედიასთან 0:2. ჩიხურასთან ზღვისპირელებმა უგოლოდ ითამაშეს და ქობულეთის შუქურას 4:2 მოუგეს.

 

 

დინამო თბილისი - დინამო ბათუმი  | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 51 მატჩიდან, 36- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 105/44 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ათჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1:0. ექვსჯერ კი შეხვედრები 2:0, 3:0 და 3:1 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2017 წლის 9 აპრილს ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ბოლოს გამარჯვების მომტანი გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისის მცველი- ლაშა თოთაძე გამოტოვებს.

 

 

დინამო თბ - დინამო ბთ  | მსაჯი

შეხვედრას ბათუმელთა წინააღმდეგ- პაპუნა მაჭარაძე განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც პაპუნა მაჭარაძემ იმსაჯა 23 მაისს, ეროვნული ლიგაში გამართული ლოკომოტივი 1:2 კოლხეთი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

აქამდე პაპუნა მაჭარაძეს ჩვენი გუნდის მონაწილეობით შეხვედრაში არ უმსაჯია.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის პაპუნა მაჭარაძის განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

პაპუნა მაჭარაძე (35 წლის)

===========================================

ეროვნული ლიგა - 4 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 53 თამაში / 182 ყვითელი / 15 წითელი / 17 პენალტი

საქართველოს თასი - 9 თამაში / 35 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ტაკიძე - ტვილდიანი, სუხიაშვილი, პართენაძე, გოგიტიძე - თარხნიშვილი, ფლამარიონი, თევდორაძე, შონია, ფონიავა  - კვასოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024