• Geo
  • Eng
28.05.2017
თბილისელებმა ბათუმელებს 4:0 აჯობეს

დინამო არენაზე მეთხუთმეტე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს. მეოთხე წუთზე თეიმურაზ შონიას შორიდან ძლიერი დარტყმულია აღსანიშნავი, რასაც საპასუხოდ ბაჩანა არაბულის გარღვევა მოჰყვა, რომელიც ასევე უშედეგოდ დამთავრდა. მე- 19 წუთზე საბა ლობჟანიძემ ითამაშა შეტევის მარცხენა ფრთაზე კარგად, გაცდა მეტოქეს, ჩააწოდა ბურთი, დასწრებაზე ბაჩანა არაბულმა ითამაშა კარგად, მაგრამ დარტყმისას ბურთი აეჭრა ფეხიდან. მომდევნო შეტევაში მასპინძელთა კაპიტანმა გაისროლა შორიდან, ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. 28- ე წუთზე თბილისელებმა სწრაფი და ლამაზი კონტრშეტევა წამოიწყეს, საბოლოოდ გიორგი ჩაკვეტაძე არტყვადა მეკარისგან დაუცველი კარისკენ, ბურთი კი ბოლო წამს მცველმა მოიგერია. 35- ე წუთზე თბილისელებმა გახსნეს ანგარიში. შეტევის მარცხენა ფრთიდან გიორგი თევზაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ბექა მიქელთაძემ ითამაშა დასწრებაზე და 1:0. მანამდე ოთარ კიტეიშვილის მოედნის ცენტრში ტექნიკური თამაშია აღსანიშნავი. ცოტახანში არაბულმა თავით დაარტყა, მაგრამ არაზუსტად. პირველი ტაიმი დინამომ 1:0 მოიგო. მეორე ნახევრის დებიუტში გელა გოგიტიძემ შორი მანძილიდან დაარტყა, თბილისელთა კარი ძელმა იხსნა. საპასუხოდ ჯერ ლუკა ლოჩოშვილის დარტყმული აცდა ბათუმელთა კარს და შემდეგ ოთარ კიტეიშვილის დარტყმულმა ჩაურა ბათუმელთა კარის ძელს. 65- ე წუთზე მასპინძლებმა მეორედ აიღეს სტუმართა კარი. ბაჩანა არაბულმა ტექნიკურად ითამაშა მეტოქის საჯარიმოში, ბურთი მიქელთაძეს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ საბა ლობჟანიძე იპოვნა და 2:0. 71- ე წუთზე გიორგი გველესიანმა ითამაშა კარგად და მესამე გოლი გაიტანა ბათუმელთა კარში. საჯარიმო დარტყმა კი, რომელსაც გოლი მოჰყვა გიორგი თევზაძემ შეასრულა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ისევ მასპინძელთა შეტევა და არაბულს ისევ არ გაუმართლა ბოლო მომენტში. სამაგიეროდ მომდევნო შეტევაში მისი პასით საბა ლობჟანიძემ დუბლი გაიფორმა. გოლამდე აღსანიშნავია, რომ საბას დარტყმული ბათუმელთა კარის ჯერ ერთ ძელს მოხვდა და შემდეგ მეორეს. საბოლოოდ შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა. შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 1 ივნისს ქობულეთში, ადგილობრივ შუქურასთან ჩაატარებს.

 

დინამო თბილისი  4:0  დინამო ბათუმი

 

გოლი: 1:0 მიქელთაძე 35’  2:0 ლობჟანიძე 65’  3:0 გველესიანი 71’  4:0 ლობჟანიძე 80’ 

 

დინამო თბილისი: ლიტოვჩენკო, თევზაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, მიშენკო (სალუქვაძე 56), ქარდავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (ნინუა 88), ლობჟანიძე (კობოური 85), მიქელთაძე, არაბული

დინამო ბათუმი: ტაკიძე, გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი (თევდორაძე 32), ფარტენაძე, ტვილდიანი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, კენედი (კვანტალიანი 71), კვასოვი (გორლიშვილი 84)

 

მსაჯი: პ. მაჭარაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024