• Geo
  • Eng
25.01.2017
ფრე პირველ სპარინგში

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვაკური ჟილინა იყო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონატს 17 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის დებიუტში დინამოს შეეძლო დაწინაურება, გიორგი თევზაძის საშუალო მანძილიდან ძლიერად დარტმული ბურთი მცირედით აცდა სლოვაკთა კარს. ტაიმის შუაში გუნდებმა ორი სახიფათო მომენტი გაცვალეს. ჯერ საბა თავაძე აქტიურობდა, მაგრამ მის დარტყმულს სიძლიერე დააკლდა, შემდეგ კი ნერმინ ჰასკიჩი აღმოჩნდა ხელსაყრელ სიტუაციაში, თუმცა ლიტოვჩენკოს ვერ აჯობა. მეორე ნახევარში ჩვენს გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე გამოვიდა, მის აქტიურობას კი 67- ე წუთზე ჟილინას კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა მოჰყვა. პენალტი ზუსტად ბექა მიქელთაძემ შეასრულა და დინამო დააწინაურა. სამ წუთში სლოვაკებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლი ჰასკიჩის ანგარიშზეა. თამაშის ბოლოს უპირატესობა სლოვაკებმა მოიპოვეს, თუმცა ერთი სახიფათო მომენტი ჟილინას კართან მაინც შეიქმნა, შეცვლაზე შემოსული დავით კობოური კარგად ჩაერთო შეტევაში, მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ბოლო მომენტში კი ვეღარ ითამაშა ზუსტად და სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. ასევე აღსანიშნავია ოთარ კვერნაძის მომენტი მეორე ნახევრის შუაში. მცველის მოტყუების შემდეგ მასაც სულ მცირედი დააკლდა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

 

ჟილინა 1:1 დინამო

ჟილინა: ვოლეშაკი, დიასი, ხლოხოვსკი, ერერა, ჰასკიჩი, შკვარკა, ლეტიჩი, კრალიკი, კაშა, იანკაუსკასი, კაჩერი

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, თოთაძე, ჩადუნელი, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელი, ქარდავა, თევზაძე, თავაძე, ზარია, მიქელთაძე, კვერნაძე

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, კუცია, კობოური, ნინუა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024