• Geo
  • Eng
28.01.2017
ჩვენი მეტოქე - დნიპრო

თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამო თბილისი თავის მეორე სპარინგ მატჩს უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან და ტიტულოვან მეტოქესთან- დნიპროსთან გამართავს. დნიპრომ, რომელიც 15 იანვრიდან იმყოფება ლარაში, (იმავე სასტუმროში სადაც ჩვენი გუნდია) უკვე მოასწრო სამი ამხანაგური შეხვედრის ჩატარება. დნეპრელებმა უგოლო ყაიმით დაასრულეს შეხვედრა შამქირთან, 1:3 წააგეს ზაგრების დინამოსთან და 0:2 დათმეს მატჩი ჰაიდუკთან.

საფეხბურთო კლუბი დნიპრო 1918 წელს შეიქმნა. გუნდი სხვა და სხვა დროს ბრიტის, პეტროვეცის, სტალის და მეტალურგის სახელებით ასპარეზობდა. 1961 წლიდან კი დნიპროს სახელს ატარებს. დნიპრო საშინაო მატჩებს 31 000- იან დნიპრო არენაზე მართავს, საკლუბო ფერები კი ლურჯ, ცისფერსა და თეთრშია გადაწყვეტილი.

დნიპროს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდად 80- იანი წლები ითვლება. გუნდმა 1983 წელს თავის ისტორიაში პირველად მოიპოვა სსრკ- ს ჩემპიონატის ოქროს მედლები. 84- სა და 85- ში დნეპრელებმა ბრინჯაო დაისაკუთრეს, 87- ში კი ერთი ნაბიჯი დააკლდათ ტრიუმფამდე, რომელიც ერთ წელიწადში გაიმეორეს და მეორედ მოიპოვეს გათამაშების ოქროს მედლები. მომდევნო სეზონზე კი ისევ მეორე ადგილს დასჯერდნენ. 1989 წელს დნიპრომ ისტორიაში პირველად ბროლის თასიც მოიპოვა. უკრაინის ჩემპიონატში დნიპრომ ორჯერ მოიპოვა ვერცხლის და შვიდჯერ ბრინჯაოს მედლები. სამჯერაც ეროვნული თასის ფინალი ითამაშა. 2015 წელს უკრაინულმა გუნდმა ევროთასებზე მიაღწია წარმატებას გავიდა რა ევროპა ლიგის ფინალში, სადაც სევილიასთან 2:3 დამარცხდა. დნიპროში ჩატარებული შეხვედრებით რეკორდსმენი რუსლან როტანია (395), რომელიც სავარაუდოდ დინამოსთანაც ითამაშებს. გატანილი გოლების რეკორდი კი ოლეგ პროტასოვს ეკუთვნის. მან მეტოქეთა კარი 108- ჯერ დალაშქრა.

დნიპროში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია ცნობილი ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი დმიტრი მიხაილენკო, რომელიც მირონ მარკევიჩის წასვლის შემდეგ ავარჯიშებს კლუბს. შეხვედრა ლარაში თბილისის დროით 18.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024