ხუთშაბათს 1 ივნისს, დინამოელები ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას ქობულეთში გამართავენ. შუქურა - დინამო ჩელე არენაზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
დინამოელებს 1 ივნისს თავის ისტორიაში 9 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. თბილისელებმა ოთხ შეხვედრაში იმარჯვეს, ხოლო ორში დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 13/8 დინამოს სასარგებლოდ.
1950 წელს ჩვენი გუნდი კუიბიშევში ადგილობრივ სამარასთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მომდევნო წელს თბილისელებმა მოსკოვის ცდსა მიიღეს და 2:0 აჯობეს. გოლები მოსკოველთა კარში ანდრო ზაზროევმა და კონსტანტინე გაგნიძემ გაიტანეს. 1968 წელს ტაშკენტში პახტაქორთან მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 1975 წელს ლურჯ-თეთრები ლვოვში კარპატისთან დამარცხდნენ 2:3. დათო ყიფიანმა უკრაინელთა კარში დუბლი შეასრულა. შემდეგ წელს დინამომ ვოროშილოვგრადის ზარია მიიღო და რეზო ჩელებაძის ჰეთ თრიქით 3:0 დაჯაბნა. 1979 წელს თენგო სულაქველიძემ გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ოდესაში ჩერნომორეცთან მატჩისას. 1982 წელს ალმა ათაში ჩვენმა გუნდმა ფრედ 2:2 ითამაშა კაირატთან. გოლები ვაჟა ჟვანიამ და უმცროსმა მიხეილ მესხმა გაიტანეს.
1992 წელს დინამომ ისევ 2:2 ითამაშა. ამჯერად ფოთში კოლხეთთან. თავი კი ძმებმა რეზო და შოთა არველაძეებმა გამოიჩინეს. 1994 წელს დედაქალაქელებმა სამტრედიაში გოჩა ჯამარაულის გოლით 1:0 იმარჯვეს.