საქართველოს 16 გზის ჩემპიონი ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს. 2 აპრილს შეხვედრა სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება.
ჩვენი მეტოქე
სკ სამტრედია 1936 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვა და სხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.
საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის სათამაშო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ სამტრედია საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
კლუბში სხვა და სხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.
მწვრთნელი და სამტრედია
სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის ივნისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში კი სამი ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 4 ქულით, სამტრედია სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფება.
დინამომდე...
2017 წლის სეზონი სამტრედიამ კიდევ ერთი ტიტულის მოპოვებით დაიწყო. საქართველოს სუპერთასის ფინალში სამტრედიამ ტორპედოს 2:1 მოუგო. შემდეგ იყო ფრე შუქურასთან 1:1 და მარცხი ჩიხურასთან 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში სამტრედიამ ვიტ ჯორჯიას აჯობა 2:1, ხოლო პირველობაზე ბათუმის დინამოს 1:0 მოუგო.
დინამო - სამტრედია
დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 33 მატჩს ითვლის. სხვა და სხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 33 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 25 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 5 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 80/20 თბილისელთა სასარგებლოდ.
ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 33 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ რვაჯერ). 6 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.
ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2016 წლის 30 აპრილს სამტრედიაში გაიმართა. მასპინძლებმა 2:1 დაამარცხეს სტუმრები. ერთადერთი გოლი სამტრედიელთა კარში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს ფეხბურთელები- ოთარ კიტეიშვილი და გია ჩადუნელი გამოტოვებენ.
სამტრედია - დინამო | მსაჯი
ჩვენი გუნდის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ- დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და ა. კოკაია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი პ. მაჭარაძე შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა 19 მარტს ეროვნული ლიგა 2- ში გამართული სიონი 2:1 ცხინვალი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2016 წლის 6 ნოემბერს იმსაჯა. ჩიხურას წინააღმდეგ ივანწმინდაში გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ორჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი (35 წლის)
===========================================
ეროვნული ლიგა - 145 თამაში / 489 ყვითელი / 25 წითელი / 34 პენალტი
ეროვნული ლიგა 2 - 43 თამაში / 123 ყვითელი / 5 წითელი / 8 პენალტი
საქართველოს თასი - 23 თამაში / 62 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, სუხომლინოვი – მარკოზაშვილი, სამუშია, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი – ბერიაშვილი, ჯიქია