• Geo
  • Eng
30.03.2017
სამტრედია - დინამო | ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან

2 აპრილს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში სამტრედიის, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი საქართველოს 16 გზის ჩემპიონს უმასპინძლებს. სამტრედიისა და დინამო თბილისის შეხვედრა 15.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 33 მატჩს ითვლის. სხვა და სხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 33 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 25 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 5 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 80/20 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 33 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ რვაჯერ). 6 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2016 წლის 30 აპრილს სამტრედიაში გაიმართა. მასპინძლებმა 2:1 დაამარცხეს სტუმრები. ერთადერთი გოლი სამტრედიელთა კარში ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024