• Geo
  • Eng
26.04.2017
დინამო თასის ¼ ფინალში გავიდა

დღეს მარტვილში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა დინამო თბილისი მიიღო. მატჩის დებიუტში ლაშა ჯღამაიამ და ბაქარ ქარდავამ გაცვალეს არც ისე სახიფათო დარტყმები. მე- 14 წუთზე სტუმრებს კონტრშეტევა გამოეპარათ და თენგიზ ბრეგვაძე ძლიერი დარტყმით ამწვავებდა თამაშს, სახიფათო დარტყმა სერგეი ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია. ამის საპასუხოდ დინამოელებმა მიჯრით ორი სახიფათო მომენტი ვერ გამოიყენეს. ჯერ ბაჩანა არაბული გზავნიდა თავით ბურთს, მომდევნო შეტევაში კი ბექა მიქელთაძემ დაასწრო ყველას. ორივე დარტყმული არაზუსტი გამოდგა. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც დინამომ მოახერხა ანგარიშის გახსნა. შეტევის მარცხენა ფრთიდან გიორგი თევზაძის ჩაწოდებულს ბექა მიქელთაძე გამოეხმაურა და წინა მომენტისგან განსხვავებით, ამჯერად ზუსტად ითამაშა. პირველი ნახევარი დინამომ 1:0 მოიგო. მეორე ტაიმი ცოტა ხნის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა მეორე გოლი გაიტანეს. გიორგი ჩაკვეტაძე შეიჭრა წყალტუბოელთა საჯარიმოში, იგი აკრძალული ილეთით შეაჩერეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ბაჩანა არაბულმა ზუსტად შეასრულა და დინამო ორი ბურთით დაწინაურდა. სამგურალის ფეხბურთელები გააქტიურდნენ, თუმცა ორიოდე ნახევრად სახიფათო მომენტის მეტი მასპინძლებმა ვერ შექმნეს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ 2:0 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 30 აპრილს ჩაატარებენ. ქართულ დერბის ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

 

სამგურალი  0:2  დინამო

 

გოლი: 0:1 მიქელთაძე 30’  0:2 არაბული (პენ) 52’ 

გაფრთხილება: ბრეგვაძე 41’ 

 

სამგურალი: კუპატაძე, ნერგაძე, გოგიჩაიშვილი (დ. ჩიხლაძე 61), შალამბერიძე, ჯიმშელეიშვილი, ბრეგვაძე, ციცხვაია (ლაღაძე 69), კაკუშაძე, ჯღამაია (ბანძელაძე 46), ხარაბაძე, ბიბილაშვილი

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, თოთაძე, თევზაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე (ზარია 63), პაპუნაშვილი (კუცია 85), მიქელთაძე, არაბული (მესხი 71)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024