• Geo
  • Eng
11.04.2017
დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები

ხუთშაბათს 13 აპრილს, ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება.

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 6 შეხვედრას ითვლის. ხუთი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 13/2.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. ბოლოს გუნდები ქობულეთში წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ იმავე წლის 6 ნოემბერს და დინამომ ზაზა ჭელიძის გოლით 1:0 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024