საქართველოს 29- ე ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისის წინააღმდეგ გამართავს. ქართული დერბი 21 ივნისს დინამო არენაზე გაიმართება და 21.00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს.
ჩვენი მეტოქე
ქუთაისის საფეხბურთო კლუბი ტორპედო 1946 წელს დაარსდა. ტორპედო საშინაო შეხვედრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მართავს, რომელიც 14 000 მაყურებელს იტევს. ქუთაისური კლუბის სიმბოლიკა ძირითადად შავ, მწვანე და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ტორპედომ პირველ სერიოზულ წარმატებას დაარსებიდან სამი წლის თავზე მიაღწია, ტორპედო იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ჩვენი მომავალი მეტოქე 1960 წლიდან – 1962 წლამდე სსრკ ჩემპიონატის ბ ლიგაში ასპარეზობდა. სსრკ პირველობის უმაღლეს ლიგაში ტორპედომ პირველი ოფიციალური მატჩი 1962 წლის 2 მაისს საკუთარ მოედანზე გამართა. სადებიუტო შეხვედრაში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ანგარიშით – 5:1 დაამარცხეს. 1963 წლის 15 აპრილი ქუთაისის ცენტრალური სტადიონისთვის ისტორიული თარიღია. ამ დღეს ერთმანეთს ქუთაისის ტორპედო და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. აღნიშნულ მატჩს 40 000 მაყურებელი დაესწრო და ეს მაჩვენებელი ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისთვის დღემდე სარეკორდო მაჩვენებლად ითვლება. 1970 წლის სეზონი ქუთაისის ტორპედოსთვის წარუმატებელი გამოდგა. გუნდი სსრკ- ს პირველობის უმაღლესი ლიგიდან პირველ ლიგაში დაქვეითდა და შესაბამისად მომდევნო სეზონი ქვედა ლიგაში დაიწყო. 1988 წელს სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთხელ დაბრუნდა ტორპედო, თუმცა ამ პერიოდში საქართველო სსრკ– ს ოფიციალურად გამოეყო და გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში განაგრძო ასპარეზობა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ქუთაისის ტორპედო დინამო თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ქუთაისურმა გუნდმა 1999-00, 2000-01, 2001-02 წლებში ზედიზედ სამჯერ იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამავე პერიოდს უკავშირდება ტორპედოს წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზეც, გუნდმა 1998–99, 2000–01 წლების სეზონში ორჯერ აღმართა თასი. მომდევნო თასი ქუთაისურმა გუნდმა 15 წლის შემდეგ მოიპოვა. 2016 წლის გარდამავალ პირველობისას რიონისპირელებმა თასის ფინალში მარტვილის მერანი 2:1 დაამარცხეს.
მწვრთნელი და ტორპედო
2016 წლის სექტემბრიდან ქუთაისის ტორპედოს ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- კახაბერ ჩხეტიანი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით გუნდმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიპოვა. ტორპედოს მისი ხელმძღვანელობით სუპერთასის მოპოვების შანსიც ჰქონდა, თუმცა გუნდი სამტრედიასთან დამარცხდა. მიმდინარე პირველობაზე ქუთაისელებს 17 ჩატარებული მატჩიდან 37 ქულა აქვთ დაგროვილი და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან.
დინამომდე
მიმდინარე პირველობა ტორპედომ საქართველოს სუპერთასზე სამტრედიასთან 1:2 მარცხით გახსნა. ამას საბურთალოსთან 0:1 წაგება მოჰყვა. შემდეგ იყო ფრე ქობულეთის შუქურასთან 1:1 და მიჯრით ორი მოგება შესაბამისად- თასზე საპოვნელასთან 2:0 და ჩემპიონატში კოლხეთთან 2:1. ამას მოჰყვა ორი ფრე. ერთი ლოკომოტივთან 1:1 და მეორე გორის დილასთან იმავე ანგარიშით. ამის შემდეგ ტორპედომ მიჯრით ოთხი მატჩი მოიგო. სამტრედიასთან 2:0, ჩიხურასთან 2:1, ბათუმის დინამოსთან 3:1 და თასის მერვედფინალში სამტრედიასთან 2:0. ტორპედომ 0:2 დათმო საშინაო შეხვედრა ჩვენს გუნდთან და ფრედ, გატანილი გოლების გარეშე ითამაშა საბურთალოსთან. ამის შემდეგ ქუთაისელებმა 7 ტამაშიანი მოგებატა სერია გამოაცხეს. 1:0 შუქურასთან, 3:0 კოლხეთთან, 2:0 ლოკომოტივთან, 2:0 დილასთან, 2;1 სამტრედიასთან, 3:0 ჩიხურასთან და 1:0 ბათუმის დინამოსთან.
ქართული დერბი | ურთიერთშეხვედრები
ქართული დერბი ყოველთვის უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 65- ე იქნება. საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 64 მატჩიდან, 33- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 16 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 110/60 თბილისელთა სასარგებლოდაა.
ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4:0 აჯობეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც 13- ჯერ დაფიქსირდა ტაბლოზე.
ქუთაისელებს თბილისელი ფეხბურთელები ეროვნულ ჩემპიონატში 5 წელზე მეტია არ დაუმარცხებიათ. ბოლოს ტორპედომ 2012 წლის 6 მაისს იმარჯვა. საკუთარ სტადიონზე კი ტორპედომ ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს იმარჯვა 2:1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა. შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც 2017 წლის 30 აპრილს ქუთაისში გაიმართა, ბაჩანა არაბულის და გიორგი თევზაძის გოლებით დინამომ 2:0 მოიგო.
დინამო - ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26- ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ 13 თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4- ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38/21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1. აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს მიაღწია. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3, რომელიც ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს დაფიქსირდა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.
დინამო - ტორპედო | მსაჯი
65- ე ქართულ დერბის- გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. დამატებითინ ასისტენტები ა. ნონიკაშვილი და დ. სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვადაჭკორია შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა 16 ივნისს ეროვნული ლიგა 2- ში გამართული გურია 2:0 სიონი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ყრუაშვილმა ბოლოს 13 აპრილს იმსაჯა. შუქურას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა ჩვენი გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა. მატჩის მთავარ არბიტრს არავინ გაუფრთხილებია.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
გიორგი ყრუაშვილი (31 წლის)
===========================================
ეროვნული ლიგა - 152 თამაში / 512 ყვითელი / 25 წითელი / 36 პენალტი
ეროვნული ლიგა 2 - 48 თამაში / 134 ყვითელი / 5 წითელი / 9 პენალტი
საქართველოს თასი - 24 თამაში / 66 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 3 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
ტორპედოს სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ქუთაისელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
კვასხვაძე - გურული, ჭიჭინაძე, მამასახლისი, ქიმაძე - გიგაური, კუხიანიძე, დოლიძე, ტუღუში - კაპანაძე, საბანაძე