• Geo
  • Eng
13.04.2017
დინამო პირველ ადგილზეა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ქობულეთის შუქურა მიიღეს. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და მთელი შეხვედრა დიდი სათამაშო უპირატესობით წარმართეს. უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა ბექა მიქელთაძეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ აზამატ ჯიოევს ვეღარ აჯობა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ მე- 14 წუთზე გახსნეს ანგარიში. ოთარ კიტეიშვილმა მოედნის ცენტრიდან ზუსტი გადაცემით გიორგი პაპუნაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, გიორგიმაც ძლიერი დარტყმით დალაშქრა შუქურას კარი. თბილისელებს არც გატანილი გოლის შემდეგ დაუგდიათ ტემპი. 38- ე წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა ქობულეთელთა კარი. საბა ლობჟანიძის ჩაწოდების შემდეგ, გიორგი პაპუნაშვილი ერთი შეხებით გზავნიდა ბურთს, ჯიოევმა კარგად ითამაშა და განმუხტა სიტუაცია. პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ნახევრის დებიუტში მასპინძლებმა კიდევ ერთი საგოლე შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. ოთარ კიტეიშვილის ახლო მანძილიდან დარტყმული ჯიოევმა კუთხურზე უკუაგდო. 55- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ჩამოაწოდა კუთხურიდან, თავური დარტყმით გიორგი გველესიანი გზავნიდა ბურთს შუქურას კარისკენ, სტუმრები კი ხარიხამ იხსნა. აი დამატებაზე კი ბაჩანა არაბულმა ყველას დაასწრო და მეორე გოლი გაიტანა. ექვს წუთში დინამომ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ფაქტიურად შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყდა. გიორგი პაპუნაშვილის ტექნიკური გადაცემის შემდეგ, საბა ლობჟანიძემ ანგარიში 3:0 გახადა. 10 წუთის შემდეგ დედაქალაქელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს. შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჩაკვეტაძემ ზუსტი გადაცემით ბაჩანა არაბული მოძებნა, რომელმაც დუბლი გაიფორმა. ბაჩანამ 79- ე წუთზე ჰეთ თრიქის შესრულებაც მოახერხა. საკმაოდ ლამაზი გადაცემა მას ჩაკვეტაძემ გაუკეთა. დინამომ შეხვედრა 5:0 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აინაცვლა. მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი 23 აპრილს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს.

 

დინამო  5:0  შუქურა

 

გოლი: 1:0 პაპუნაშვილი 14’  2:0 არაბული 55’  3:0 ლობჟანიძე 61’  4:0 არაბული 72’  5:0 არაბული 79’  

 

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა (ნინუა 77), კიტეიშვილი, მიქელთაძე, ლობჟანიძე (ჩაკვეტაძე 68), პაპუნაშვილი (ზარია 72), არაბული

შუქურა: ჯიოევი (სტურუა 57), ჩაჩუა, კლეცკოვი, მახარაძე, ცეცხლაძე, კლიმიაშვილი, ჟეფინიუ, გურული (არქანია 46), საბაძე (მამულაშვილი 37), კუტალია, ართმელაძე

 

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024