• Geo
  • Eng
25.02.2017
დინამო 1:2 არსენალი

დინამომ თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა რუსეთის პრემიერ ლიგის გუნდმა- ტულის არსენალმა გაუწია. შეხვედრა საინტერესოდ, დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა. პირველი ტაიმის ნახევარი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ამ პერიოდში ალექსანდროვის დარტყმაა გამოვარჩევი, რომელიც ზევიდან გადაცდა დინამოს კარს. შემდეგ სათამშო უპირატესობა თბილისელებმა მოიპოვეს. 35- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილი შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, დაარტყა კიდეც, თუმცა ბურთს მცველები გადაეღობნენ. დამატებაზე ბაქარ ქარდავამ იაქტიურა, დარტყმული ბურთი არსენალის გოლკიპერის ნადავლი გახდა. პირველ ტაიმში მეტი აღსანიშნავი არაფერი მომხდარა. მეორე ნახევარში პირველი სახიფათო მომენტი მეტოქე გუნდმა შექმნა, როდესაც შევჩენკოს მიერ დარტყმული ბურთი გიორგი ბეგაშვილმა კუთხურზე მოიგერია. მატჩის 64- ე წუთზე თბილისელებმა ლამაზი კომბინაციით გახსნეს ანგარიში. გიორგი ჩაკვეტაძემ ბურთი შეტევის მარცხენა ფლანგზე ბექა მიქელთაძეს გადააწოდა, რომელმაც სიღრმისკენ შეიწია და ძლიერად დაარტყა კარისკენ. გაბულოვმა ვერ შეიმაგრა ბურთი, დასწრებაზე კი ყველას გიორგი კუციამ დაასწრო და 1:0. გოლიდან რამდენიმე წუთში ორი სახიფათო მომენტი შექმნეს გუნდებმა. ჯერ გორბატენკოს დარტყმული თავური აცდა მცირე მანძილით ჩვენს კარს, ხოლო შემდეგ ზარიას, ჩაკვეტაძისა და მიქელთაძის კომბინაციის ლოგიკურ დასასრულს ბოლო წამს მეტოქის მცველმა შეუშალა ხელი. მეორე ტაიმის ბოლო 10 წუთი არსენალის უპირატესობით წარიმართა და ამ პერიოდში ორი გოლი მივიღეთ. 79- ე წუთზე შევჩენკომ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო შეხვედრის ბოლო წამებზე საჯარიმო დარტყმიდან ჩამოწოდებულ ბურთს შევჩენკომ შეუცვალა მიმართულება, ბურთი თოთაძეს მოხვდა და ბეგაშვილის კარში აღმოჩნდა და შეხვედრაც დასრულდა. დინამო ამ შეკრების ბოლო შეხვედრას 28 თებერვალს ყირგიზულ აბდიშ-ათასთან გამართავს, ხოლო 1 მარტს ჩვენი გუნდი სამშობლოში გამოემგზავრება.

 

გოლი: 1:0 კუცია 64’  1:1 შევჩენკო 79’  1:2 თოთაძე ა.გ. 90’

დინამო: ლიტოვჩენკო, სალუქვაძე, ლოჩოშვილი, თოთაძე, მიშენკო, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, მიქელთაძე, არაბული

შეცვლაზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ნინუა, ჩაკვეტაძე, კუცია, კვერნაძე

არსენალი: გაბულოვი, ივანოვი, სუნზუ, ვერგარა, კომბაროვი, ბელიაევი, ბურჩანუ, გორბატენკო, ბურმისტროვი, ალექსანდროვი, რასიჩი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024