• Geo
  • Eng
04.03.2017
დინამო - კოლხეთი | მატჩამდე

საქართველოს XXIX ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 15.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

სკ ფოთის კოლხეთი 1913 წელს დაარსდა და 1978 წლამდე გუნდი- კოლხიდას სახელით ასპარეზობდა. საშინაო შეხვედრებს გუნდი ფაზისის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 7500 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა მის რეკონსტრუქციამდე კოლხეთი სტუმრებს ახალ აშენებულ პარკი არენაზე იღებს. გუნდის ფერები ცისფერ-თეთრშია გადაწყვეტილი. კოლხეთმა 1978 და 1988 წლებში მოიგო საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი. კოლხეთი 1913- ის სახელით მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი გათამაშების (1990) გახსნით მატჩში, თბილისის იბერიას წინააღმდეგ. საუკეთესო შედეგი საქართველოს უმაღლეს ლიგაში კოლხეთს 1993-1994 და 1996-1997 წლებში ჰქონდა, როდესაც გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა. მესამეზე გავიდა გუნდი 1994-1995, 1995-1996 და 1997-1998 სეზონებში. 2013/2014 სეზონში კოლხეთმა პირველ ლიგაში (A ზონა) მეორე ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და კოლხეთი

2015 წლის ოქტომბრიდან ფოთის კოლხეთის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გელა სანაია მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდი დასრულებულ გარდამავალ სეზონში, წითელი ჯგუფის მეოთხე ადგილზე გავიდა. 12 ჩატარებული მატჩიდან კოლხეთმა 6 მოიგო და 6- ში დამარცხდა.

 

დინამომდე

ახალი სეზონის დაწყებამდე კოლხეთმა დუშეთში გაიარა შეკრება და ამხანაგური მატჩებიც გამართა. გელა სანაიას გუნდი სამგურალს დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა. შემდეგ კოლხეთი შუქურასთან დამარცხდა 0:2 და ფრედ 1:1 ითამაშა შევარდენთან. ფოთელებმა ნორჩი დინამოელი 6:2 დაამარცხეს, ხოლო თელავს 4:2 აჯობეს. ბოლო სპარინგი რუსთავთან შედეგიან ყაიმით 3:3 დასრულდა.

 

 

დინამო - კოლხეთი | ურთიერთშეხვედრები

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 37 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 125/40 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 24 აპრილს ფოთში პარკი არენაზე დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ოთხი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 3:1 აჯობეს და პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს ეროვნული ჩემპიონის მეთექვსმეტე ტიტული. გოლები გიორგი ქვილითაიამ, ჯაბა ჯიღაურმა და რენე ფერეირამ გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო კოლხეთის ფეხბურთელები- ვლადიმერ კორობკა, ომარ გოგონაია და დავიტ ბოლქვაძე გამოტოვებენ.

 

 

დინამო - კოლხეთი  | მსაჯი

შეხვედრას ფოთელთა წინააღმდეგ- გიორგი ვადაჭკორია განსჯის. მას ასისტენტობას გ. ელიკაშვილი და მ. კუპატაძე გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. კიკაჩეიშვილი და ი. კვირიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ვადაჭკორიამ ბოლოს 2016 წლის 10 დეკემბერს ბათუმის დინამოს წინააღმდეგ 0:1 დასრულებულ შეხვედრაში იმსაჯა, მატჩის მთავარ არბიტრს ოთხჯერ მოუწია ფეხბურთელების გაფრთხილება.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ვადაჭკორიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ვადაჭკორია (დაბადების თარიღი: 1977 წლის 8 ივნისი)

===========================================

უმაღლესი ლიგა - 176 თამაში / 706 ყვითელი / 37 წითელი / 47 პენალტი

პირველი ლიგა – 27 თამაში / 80 ყვითელი / 9 წითელი / 6 პენალტი

მეორე ლიგა – 62 თამაში / 179 ყვითელი / 3 წითელი / 24 პენალტი

საქართველოს თასი – 17 თამაში / 64 ყვითელი / 2 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერ თასი – 3 თამაში / 20 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 19 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩები – 3 თამაში / 6 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ფოთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

თებიძე - ოტიენო, ქებურია, ვ. კილასონია, გ. კილასონია - ჟიშკარიანი, ენდელაძე, ჯანელიძე, კერძევაძე, დაფი - ბუხაიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024