• Geo
  • Eng
04.07.2017
ფრე ჩუკარიჩკისთან

დინამომ სლოვენიურ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელშიც სერბულ ჩუკარიჩკის დაუპირისპირდა. საინტერესო სპარინგი რამდენიმე რეალური საგოლე მომენტის მიუხედავად ანგარიშის გაუხსნელად დასრულდა. მატჩი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე ორი სახიფათო შეტევა გაცვალეს. შეხვედრის მე- 12 წუთზე კი თბილისელებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. მრავალფაზიან შეტევას საბოლოოდ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით გიორგი თევზაძე აგვირგვინებდა, ბურთი ბოლო წამს კიროვსკიმ კუთხურზე მოიგერია. სამიოდე წუთში უკვე ლაშა ქოჩლაძეს აუღო ჩუკარიჩკის მეკარემ ახლოდან დარტყმული ბურთი, ხოლო დამატებაზე მიქელთაძეს ითამაშა არაზუსტად. ეს პერიოდი დინამომ საკმაოდ აქტიურად ჩაატარა და მე- 20 წუთზე კიდევ ერთხელ გადარჩა სერბული გუნდი გაშვებულ გოლს. შეტევის მარცხენა ფრთიდან თევზაძის ჩამოწოდებულს აკაკი შულაია თავით გზავნიდა შორეულ კუთხეში, საბოლოოდ ბურთი სანტიმეტრებში აცდა მეტოქის კარს. ტაიმის ბოლომდე უკვე სერბებმა შექმნეს სახიფათო მომენტი, ამ შემთხვევაში კარგად დემეტრე ბულისკერიამ ითამაშა და ძლიერად დარტყმული ბურთი კუთხურზე უკუაგდო. მატჩის მეორე ნახევარი პირველისგან განსხვავებით სახიფათო მომენტებით ნაკლებად დატვირთული აღმოჩნდა. ორივე გუნდმა ცვლილებებიც საკმაოდ გააკეთა და რეალური აღსანიშნავი მომენტიც, ორი შეიქმნა. 75- ე წუთზე თბილისელთა შეტევას მეტოქის დაცვის ხაზში არეულობა მოჰყვა, კვარაცხელიას დარტყმულის შემდეგ ბურთი ჩუკარიჩკის მცველს ხელზე მოხვდა, მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა რასაც შორი მანძილიდან შულაიას დარტყმა მოჰყვა, ბურთი მეკარემ მოიგერია. სერბებსაც შეეძლოთ ბოლო წუთებზე შედეგიანად დაესრულებინათ შეტევა, როცა მათი შემტევი ერთი ერთზე გავიდა, მაგრამ ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა და ბულისკერიას კარს დიდი მანძილით ააცილა. შეხვედრა ესეც დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამომ ეს მატჩი ეროვნული ჩემპიონატის პირველ-ორ წრესთან შედარებით აბსოლიტურად გადახალისებული შემადგენლობით ითამშა. გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც დატოვეს კლუბი, დინამოს აკლდა 19 წლამდელთა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მოასპარეზე გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე და დავით კობოური. ასევე ტრავმირებულები- ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია და ოთარ კიტეიშვილი. მომდევნო სპარინგს დინამო 8 ივლისს ხორვატულ რუდეშთან ჩაატარებს.

დინამო  0:0  ჩუკარიჩკი

დინამო: ბულისკერია, მიშენკო (ერგემლიძე 22, ფოჩხუა 72, პ. კიტეიშვილი 88), ქაფიანიძე (კვარაცხელია 40), თოთაძე, თევზაძე, ქარდავა, ნინუა (დარცმელია 62), ფილიევი (ხარშილაძე 52), შულაია, ქოჩლაძე (გამცემლიძე 59), მიქელთაძე (ლილუაშვილი 46)

ჩუკარიჩკი: კიროვსკი, ბოგოსავაჩი, რადონიჩი, ლაგატორი, ჯურიჩი, კაჟევიჩი, ბოჟიჩი, ოჟეგოვიჩი, ოპბრადოვიჩი, პუსკარიჩი, ჩრნომარკოვიჩი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024