• Geo
  • Eng
23.04.2017
დინამომ საბურთალოც დაამარცხა

ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისმა საბურთალოს უმასპინძლა. მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებზე ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს. საბა ლობჟანიძის და ბაჩანა არაბულის აქტიურობამ უშედეგოდ ჩაიარა. მე- 9 წუთზე კი უკვე საპასუხოდ ამწვავებდა ლაშა შინდაგორიძე. ბურთი ლიტოვჩენკომ გააქვავა. შეხვედრის მე- 20 წუთზე დინამოელებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს. მარჯვენა ფრთიდან მიშენკო გაიჭრა, ბურთი ლობჟანიძეს გადააწოდა, რომელმაც თავის მხრივ ტექნიკურად ითამაშა და არაბული მოძებნა. პასი ოდნავ მაღალი გამოდგა და ბაჩანას თავურიც არაზუსტი. ათიოდე წუთში ისევ ლობჟანიძე-არაბულის კომბინაცია და ბურთი ისევ მცირედით ცდება კუპატაძის კარს. ტაიმის ბოლოსკენ ირაკლი ბიძინაშვილი ურტყავდა ძლიერად და არაზუსტად, ბურთი ზევიდან გადაცდა დინამოს კარს. მეორე ტაიმი 10 წუთის დაწყებული იყო, როცა საბა ლობჟანიძემ ითამაშა მოედნის ცენტრში აქტიურად, გაიჭრა ფლანგზე და საჯარიმოშიც ჩააწოდა. არაბულს სულ მცირედი დააკლდა ანგარიშის გასახსნელად. სამაგიეროდ ორიოდე წუთში გიორგი ჩაკვეტაძე ტექნიკური თამაშით საჯარიმოში შეიჭრა, ბურთი საბა ლობჟანიძეს გადააწოდა და 1:0. 62- ე წუთზე ელვინ ტერამ საკმაოდ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, რომელიც სერგეი ლიტოვჩენკომ ლამაზ ნახტომში მოიგერია. საპასუხოდ ლობჟანიძის ჩამოწოდებულ კუთხურს არაბული თავით გზავნიდა საბურთალოს კარში, ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა კუპატაძის კარის ძელს. ამასობაში მოედანზე ლობჟანიძის ნაცვლად გიორგი თევზაძე შემოვიდა, რომელმაც 76- ე წუთზე შორი მანძილიდან საჯარიმო ჩააწოდა, ბურთს ვერავინ შეწვდა და საბურთალოს კარში მეორე გოლი გაიტანა. ამის შემდეგ საბურთალოს ორი მწვავე შეტევა ჯერ თევზაძემ უკუაგდო, ხოლო შემდეგ ლოჩოშვილმა. საბოლოოდ დინამომ მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო. მომდევნო შეხვედრას დედაქალაქელები 26 აპრილს მარტვილში გამართავენ. თასის 1/8 ფინალში ჩვენს გუნდს წყალტუბოს სამგურალი უმასპინძლებს.

 

დინამო  2:0  საბურთალო

 

გოლი: 1:0 ლობჟანიძე 57’  2:0 თევზაძე 76’ 

გაფრთხილება: არზიანი 51’  თოთაძე 52’ 

 

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი, ლოჩოშვილი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, ლობჟანიძე (თევზაძე 69), არაბული (მესხი 91)

საბურთალო: კუპატაძე, ტერა (მალი 65), მარგველაშვილი, ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, მამუჩაშვილი, არზიანი, გონსალვეში, ბიძინაშვილი (ჩოგაძე 46), იმნაძე, შინდაგორიძე

 

მსაჯი: ლ. სილაგავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024