• Geo
  • Eng
17.03.2017
18 მარტი დინამოს ისტორიაში

შაბათს 18 მარტს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში გორის დილას უმასპინძლებს. პირველობის მატჩი დინამო არენაზე 14.00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

18 მარტს თავის ისტორიაში დინამო თბილისს 8 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხი. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 8/3.

1989 წელს თბილისელებმა მოსკოვის ლოკომოტივს უმასპინძლეს და ფრედ 1:1 დაასრულეს შეხვედრა. გოლი ბახვა თედეევის ანგარიშზეა.

1996 წელს სამტრედიამ მიიღო ჩვენი გუნდი და უგოლოდ დასცილდა. 1998 წელს მტკვრისპირელებმა გორში ადგილობრივი დილა დაამარცხეს ანგარიშით 2:1. გოლები მიხეილ აშვეთიამ და გიორგი გოგობერიშვილმა გაიტანეს. ორი წლის შემდეგ ბათუმთან მატჩი დასრულდა გატანილი გოლების გარეშე. 2001 წელს რობერტ ზირაქიშვილის, კოკა მიკუჩაძის და მიხეილ მაზიაშვილის გოლებით დინამო თბილისმა 3:0 დაჯაბნა სამტრედიის იბერია. 2004 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან ფრედ 0:0 მორჩა. 2015 წელს დედაქალაქელებმა გიორგი ჩირგაძის დუბლით რუსთავის მეტალურგი 2:0 დაამარცხეს.

1981 წლის 18 მარტს თასების მფლობელთა თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში დინამომ ვესტ ჰემ იუნაიტედს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. თუმცა მანამდე 2 კვირით ადრე თბილისელებმა აფტონ პარკზე 4:1 აჯობეს მეტოქეს და საპასუხო მატჩის შემდეგ, ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024