• Geo
  • Eng
15.03.2017
დინამომ ალგეთი დაამარცხა

დღეს დინამო თბილისმა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალური მატჩი ჩაატარა. ჩვენს გუნდს მეტოქეობა მარნეულის ალგეთმა გაუწია, შეხვედრას კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა ცენტრმა ბასამ უმასპინძლა. შეხვედრა მთლიანად თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა არაერთი საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. პირველი სახიფათო მომენტი შეხვედრის დებიუტში ბაჩანა არაბულმა შექმნა, მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ათიოდე წუთში დინამოელებმა მიჯრით რამდენჯერმე მოაწოდეს კუთხური ალგეთის კართან. გიორგი გველესიანი თავით, ბექა მიქელთაძე კი დასწრებაზე ამწვავებდნენ სიტუაციას, თუმცა უშედეგოდ. შეხვედრაში ანგარიში 31- ე წუთზე გაიხსნა. გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებას ბაჩანა არაბული გამოეხმაურა და ალგეთის კარი ზუსტი დარტყმით დალაშქრა. ათიოდე წუთში სტუმრებმა კიდევ ორი ძალზე ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ოთარ კიტეიშვილის ზუსტი გადაცემის მერე ბექა მიელთაძემ ახლო მანძილიდან ააცილა, შემდეგ კი თავად კიტეიშვილის დარტყმული მოიგერია ალგეთის მეკარემ. მეორე ტაიმში დინამომ გააგრძელა ზეწოლა. ათ წუთში ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილი თავით გზავნიდა ბურთს, თუმცა არაზუსტად. შემდეგ კიტეიშვილს და არაბულს გაუცუდდათ საკმაოდ ტექნიკური შეტევები. რამდენიმე სანტიმეტრით აცდა ალგეთის კარის ცხრიანს შეცვლაზე შემოსული გიორგი პაპუნაშვილის დარტყმული. დედაქალაქელთა შეტევებმა შედეგი საბოლოოდ 85- ე წუთზე გამოიღო. არაბულმა დასწრებაზე თავით ზუსტად ითამაშა, დუბლი გაიფორმა და შეხვედრის საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა. დინამო თბილისი მომდევნო შეხვედრას ეროვნული ლიგის მესამე ტურში გორის დილას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18 მარტს დინამო არენაზე 14.00 საათზე დაიწყება.

 

ალგეთი 0:2 დინამო

გოლი: 0:1 არაბული 31’  0:2 არაბული 85’

გაფრთხილება: კუტალაძე 18’ 

გაძევება: გუჯარაიძე 65’

ალგეთი: ეზიეშვილი, უდუმაშვილი, თვალავაძე, ჭავჭავაძე, ხოხონიშვილი, გაგნიძე, კუტალაძე, გოგატიშვილი, გუჯარაიძე, ბაგაშვილი, ჯიქიძე

დინამო: ლიტოვჩენკო, ლოჩოშვილი, სალუქვაძე, გველესიანი, ჩადუნელი, ზარია (ნინუა 89), ქარდავა (პაპუნაშვილი 70), კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე (კუცია 80), არაბული

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024