შაბათს 29 ივლისს ეროვნულ ლიგაში თბილისური დერბია. მე- 20 ტურის შეხვედრაში ლოკომოტივი დინამოს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უმასპინძლებს.
29 ივლისს დინამოს თავის ისტორიაში 6 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. სამი მოგება, ერთი ფრე და ორი წაგება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 11/9 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
1949 წელს დინამომ ბასა ღოღობერიძის გოლით ხარკოვში ლოკომოტივს 1:0 აჯობა. 1951 წელს ისევ ღოღობერიძის ეფექტური თამაში (დუბლი) და ფრე 2:2 ლენინგრადელ თანაკლუბელთან. 1954 წელს ჩვენი გუნდი მინსკში 2:3 დამარცხდა ადგილობრივ სპარტაკთან. გოლები ბელორუსთა კარში გიორგი ანთაძემ და ნიკოლოზ თოდრიამ გაიტანეს. 1973 წელს თბილისელებმა ლვოვში კარპატი დაამარცხეს ანგარიშით 3:1. ზორბეგ ებრალიძემ ორჯერ აიღო უკრაინელთა კარი, ერთი გოლიც გივი ნოდიას ანგარიშზეა. 1987 წელს დინამო სამი უპასუხო გოლით ალმა-ათაში კაირატთან დამარცხდა. 2006 წელს ეროვნულ ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა მიხეილ ხუციშვილის, შოთა კაშიას და გიორგი მერებაშვილის გოლებით 3:0 მოუგო ბორჯომს.