დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ოცდამეერთე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამო თბილისმა გორის დილას უმასპინძლა. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა მეხუთე წუთზე შექმნეს, ნიკა ნინუას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დათო კობოურმა ძლიერად დაარტყა თავი, ბურთი ოდნავ აცდა სტუმართა კარს. ორიოდე წუთში მიკოლა კოვტალიუკი წააქციეს დილას საჯარიმოში, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ანიშნა. ამის შემდეგ ბექა მიქელთაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ახლო მანძილიდან ააცილა. დინამოელთა უპირატესობა გამოიკვეთა და მე- 12 წუთზე სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ. გიორგი ჩაკვეტაძე გადიოდა მეკარესთან პირისპირ, იგი კვახაძემ აკრძალული ხერხით შეაჩერა და მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. ბექა მიქელთაძის დარტყმული ჯარიმა გორელთა კიპერმა მოიგერია. თბილისელებმა ანგარიში 22- ე წუთზე გახსნეს. ბექა მიქელთაძე მარცხენა ფრთიდან გაიჭრა, ჩააწოდა საჯარიმოში და ბაქარ ქარდავამ დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. სამ წუთში გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემით გოლი ბექა მიქელთაძემ გაიტანა, რასაც 2 წუთში გიორგი ჩაკვეტაძის ლამაზი გოლი მოჰყვა და ანგარიში 3:0 გახდა. 44- ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ახლო მანძილიდან თავით ითამაშა კარგად, მუჯრიშვილმა იხსნა გორელთა კარი მეოთხე გოლისგან და პირველი ტაიმიც მორჩა. მეორე ტაიმის მე- 15 წუთზე ბაქარ ქარდავას დარტყმაა აღსანიშნავი, რომელიც მცირე მანძილით აცდა კარს. 68- ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ ზუსტად და ლამაზად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და დუბლიც გაიფორმა 4:0. ორიოდე წუთში ჩვენი გუნდის რიგებში ნიგერიელი მოჰამად ალიუს დებიუტი შედგა, რომელმაც ბექა მიქელთაძე შეცვალა. 73- ე წუთზე გორის დილას კარი კიდევ ერთ გოლს გადაურჩა. აკაკი შულაიას დარტყმული ჯერ მცველს მოხვდა და შემდეგ ბურთი ხარიხამ მოიგერია. მატჩის 87- ე წუთზე დინამომ თავისი კოლოსალური უპირატესობა მეხუთე გოლში ასახა. გიორგი თევზაძის ჩაწოდებულ ბურთს ძლიერი დარტყმით ლაშა ქოჩლაძემ დილას კარში მიუჩინა ადგილი. საბოლოოდ დინამომ 5:0 იმარჯვა. ამ მოგებით დინამომ 49 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. მომდევნო, ოცდამეორე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 12 აგვისტოს სამტრედიაში ჩაატარებს.
დინამო 5:0 დილა
გოლი: 1:0 ქარდავა 22’ 2:0 მიქელთაძე 25’ 3:0 ჩაკვეტაძე 27’ 4:0 ჩაკვეტაძე 68’ 5:0 ქოჩლაძე 87’
გაფრთხილება: თოთაძე 37’ თევზაძე 85’
გაძევება: კვახაძე 12’
დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ლოჩოშვილი, თოთაძე (თევზაძე 61), ქარდავა, კუცია, შულაია, ჩაკვეტაძე (ქოჩლაძე 83), მიქელთაძე (ალიუ 71), კოვტალიუკი
დილა: მუჯრიშვილი, მაჩაიძე, რაზმაძე, გაგოშიძე, ტარავალე, ქარქუზაშვილი, სოფრომაძე, კირკიტაძე (აშორტია 79), კვახაძე, ფლავიუ (ნონიკაშვილი 78), პედრინიუ (კუსიანი 29)
მსაჯი: ლ. სილაგავა