• Geo
  • Eng
31.03.2017
2 აპრილი დინამოს ისტორიაში

კვირას 2 აპრილს დინამოელები სამტრედიას დაუპირისპირდებიან. მეოთხე ტურის მატჩი სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება.

2 აპრილს თავის ისტორიაში დინამო თბილისს 10 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. 7 მოგება და 3 ფრეა თბილისელთა აქტივში, ხოლო გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 29/8.

1967 წელს დინამომ მოსკოვის ლოკომოტივი მიიღო და ფრედ 2:2 დასცილდა მეტოქეს. გოლები მოსკოველთა კარში გივი ნოდიამ და მურთაზ ხურცილავამ გაიტანეს. 1970 წელს თბილისელებმა მინსკელ თანაგუნდელებს უმასპინძლეს და 2:1 აჯობეს სტუმრებს. გივი ნოდიამ ამ თამაშშიც მოახერხა გოლის გატანა, მეორე ზუსტი დარტყმა კი გურამ პეტრიაშვილის ანგარიშზეა. 1977 წელს შეხვედრა კუიბიშევის კრილია სოვეტოვთან და ორი მიღებული გოლის წილ ოთხი გატანილი ბურთი. დავით ყიფიანმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მანუჩარ მაჩაიძემ და რამაზ შენგელიამ შეაგდეს. ორი წლის შემდეგ თბილისელებმა ისევ მინსკის დინამო მიიღეს და ამჯერად ვლადიმერ გუცაევის გოლით 1:0 დაამარცხეს ბელორუსები.

1994 წელს დინამომ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და ხუთი უპასუხო გოლიც გაუტანა. გოლები გურულთა კარში ალექსანდრე იაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გოჩა ჯამარაულმა, ზაზა რევიშვილმა და გელა ინალიშვილმა გაიტანეს. სამი წლის შემდეგ დინამო ზუგდიდს ესტუმრა და ადგილობრივ ოდიშს 3:1 აჯობა. ლევან ხომერიკის დუბლს ერთი შედეგიანი დარტყმა გიორგი დემეტრაძემ მიამატა. 2005 წელს თბილისელებმა გორის დილა მიიღეს. შეხვედრაში ლევან მელქაძემ 5 გოლი გაიტანა, მატჩი კი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 9:0 დასრულდა. დარჩენილი ოთხი გოლი სერგი ორბელაძემ, ვლადიმერ დვალიშვილმა, ლაშა ჭელიძემ და ჯაბა დვალმა გადაინაწილეს. 2011 წელს ქუთაისში ჩატარებული ქართული დერბი უგოლოდ დასრულდა, მომდევნო წელს კი ფოთის კოლხეთთან 1:1 ითამაშა დინამომ. გოლი ფოთელებს ჯაბა ჯიღაურმა გაუტანა. 2016 წლის 2 აპრილს ჩვენმა გუნდმა ქობულეთში ბათუმის დინამოს 2:1 მოუგო. გოლები ზღვისპირელებს ჯაბა ჯიღაურმა და გია გურულმა გაუტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024