დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ მატჩმა სრულებით გაამართლა სტადიონზე მოსული გულშემატკივრების იმედები. შეხვედრის დებიუტში დინამომ საკმაოდ სახიფათო კუთხური მოაწოდა, მომენტი სტუმრება ბოლო წამს განმუხტეს. მეხუთე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა ზუსტი გადაცემით საბა ლობჟანიძე გაიყვანა კარგ პოზიციაზე, მის დარტყმულს კი ბაჩა არაბული ვერ მიწვდა. საპასუხოდ დავით ჩაგელიშვილმა შორი მანძილიდან ძლიერად გაისროლა, ბურთი სერგეი ლიტოვჩენკომ კუთხურზე მოიგერია. მომდევნო შეტევაში გიორგი ჩაკვეტაძის ტექნიკური და გამოზომილი პასია აღსანიშნავი, რომელიც გიორგი პაპუნაშვილმა კარგად დაამუშავა, მაგრამ დარტყმა აღარ გამოუვიდა. თბილისელების შეტევებმა 26- ე წუთზე გამოიღო შედეგი. შეტევის მარჯვენა ფრთიდან ლაშა თოთაძემ ძლიერად შეასრულა საჯარიმო დარტყმა, ბურთს ბაჩანა არაბულმა თავი დაახვედრა და 1:0. ათიოდე წუთში დინამოელებმა თითქმის იდენტური სიტუაციიდან მეორედ აიღეს სტუმართა კარი. გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებულ ჯარიმას, ლუკა ლოჩოშვილმა შეაგება თავი და დინამოს ფორმით პირველი გოლიც გაიტანა- 2:0. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით და დინამოელთა შეტევებით დასრულდა. მეორე ტაიმი პირველის დარად აქტიურად დაიწყეს გუნდებმა. 53- ე წუთზე დავით ჩაგელიშვილის თავური ლიტოვჩენკომ ხელებში გააქვავა. 63- ე წუთზე სტუმრებმა ერთი გოლის გაქვითვა მოახერხეს. ზუსტი დარტყმა გიორგი მჭედლიშვილის ანგარიშზეა. შეხვედრა ისევ აქტიურად გაგრძელდა და მასპინძლებმაც უმატეს შეტევებს. ოთარ კიტეიშვილის და გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობა არის აღსანიშნავი. 71- ე წუთზე კი თბილისელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. საბა ლობჟანიძს ჩაწოდების შემდეგ, ცარიელ კართან მდგომ არაბულს ბურთი ფეხიდან აეჭრა. 5 წუთში სამტრედიამ მეორე გოლი გაიტანა. გიორგი დათუნაიშვილმა ანგარიში 2:2 გახადა. შეხვედრის 83- ე წუთზე ბაჩანა არაბულს კიდევ ერთხელ მართებდა თავის გამოჩენა, მისი დარტყმული ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია. 87- ე წუთზე ისევ მასპინძელთა შეტევა და ისევ მიგინეიშვილმა იყოჩაღა არაბულის ძლიერად დარტყმულის შემდეგ. 89- ე წუთზე დინამოელთა რიგებში ბექა ქავთარაძის დებიუტი შედგა, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა. საბოლოოდ ბაჩანა არაბულმა მაინც მოახერხა გოლის გატანა და შეხვედრისთვის კომპენსირებულ 93- ე წუთზე, ლაშა თოთაძის ჩამოწოდებულ ბურთს სამტრედიის კარში მიუჩინა ადგილი. დინამომ მიმდინარე სეზონში მეათე მოგებით 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 24 მაისს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებს.
დინამო 3:2 სამტრედია
გოლი: 1:0 არაბული 26’ 2:0 ლოჩოშვილი 37’ 2:1 მჭედლიშვილი 63’ 2:2 დათუნაიშვილი 76’ 3:2 არაბული 90+3’
გაფრთხილება: გოგიაშვილი 44’ კუცია 58’ მჭედლიშვილი 76’
დინამო: ლიტოვჩენკო, კუცია, ლოჩოშვილი, გველესიანი, თოთაძე, ქარდავა, კიტეიშვილი (ზარია 74), პაპუნაშვილი (თევზაძე 68), ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე (ქავთარაძე 89), არაბული
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (კასრაძე 90), გოგიაშვილი, სანდოხაძე, ახალაძე, მანჯგალაძე, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, ჩაგელიშვილი (სამუშია 55), ბერიაშვილი, ჯიქია (ბელოვი 64)
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი