• Geo
  • Eng
09.04.2017
დინამო ბათუმი - დინამო თბილისი | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში, დინამო ბათუმის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ჩელე არენაზე 16.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი 1923 წელს დაარსდა. 1990 წელს გუნდის სახელი შეიცვალა სკ ბათუმით, თუმცა 1994 წელს კლუბმა ისევ პირვანდელი სახელი დაიბრუნა. საკლუბო ფერებად ლურჯი და თეთრია მიჩნეული. დღეისათვის ბათუმელები საშინაო შეხვედრებს ქობულეთში, ჩელე არენაზე ატარებენ. დინამო ბათუმმა 1993, 1995 და 1996 წლებში ითამაშა საქართველოს თასის ფინალში. 1997 წელს გუნდმა ბრინჯაო დაიმსახურა და ისევ თასის ფინალში დამარცხდა. 1998 წელს ბათუმელებმა ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს, საქართველოს თასი და სუპერთასი მიაყოლეს. ევრო ასპარეზზე ზღვისპირელებს 1995 წელს ჰქონდათ დებიუტი (თასების მფლობელთა თასი). ბელგრადის ობილიჩთან თამაში საერთო ჯამში 3:2 დასრულდა ბათუმელთა სასარგებლოდ. შემდეგ იყო დუელი გლაზგოს სელტიკთან და მარცხი ორი მატჩის ჯამში 2:7. ბათუმელებმა კიდევ სამი სეზონი იასპარეზეს ევროთასებზე. 2008 წელს დინამო პირველ ლიგაში დაქვეითდა. 2012- ში ზღვისპირელები დაუბრუნდნენ ქართული ფეხბურთის ელიტას. იმ სეზონის ბოლოს ისევ პირველ ლიგაში დაქვეითდნენ და ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ უმაღლესი ლიგა. 2015 წლის ზაფხულს ბათუმელებმა ქვეყნის ვიცე ჩემპიონის სტატუსით ევროპა ლიგის გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა. პირველ ეტაპზე დინამოელთა მეტოქე ომონია ნიქოზია გახლდათ. ზესტაფონში ჩატარებული დაპირისპირება ბათუმელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. კვიპროსში კი მასპინძლებმა იმარჯვეს ორი უპასუხო ბურთით. 2016 წლის გარდამავალი პირველობა წარმატებული გამოდგა ბათუმელთათვის. გუნდმა მცირე ფინალში დინამო თბილისი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად ევროპა ლიგის საგზურიც დაიმსახურა.

 

 

მწვრთნელი და დინამო ბათუმი

აჭარული კლუბის მთავარ მწვრთნელად 2016 წლის აპრილის შემდეგ ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- ლევან ხომერიკი მუშაობს. 2015/2016 სეზონში მისმა გუნდმა უმაღლესი ლიგა მერვე ადგილზე დაასრულა. გარდამავალ ჩემპიონატში კი ხომერიკის შეგირდებმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

 

 

დინამომდე

ბათუმელებმა 2017 წლის პირველობა ლოკომოტივთან 1:2 მარცხით გახსნეს. შემდეგ გორის დილას აჯობეს 1:0 და თასის 1/16 ფინალში ფოთის კოლხეთთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ. შემდეგ იყო მარცხი სამტრედიასთან 0:1 და ორი გამარჯვება. შესაბამისად ჩიხურასთან 1:0 და შუქურასთან 2:0.

 

 

დინამო ბათუმი - დინამო თბილისი  | ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 50 მატჩიდან, 35- ჯერ მტკვრისპირელებმა იზეიმეს გამარჯვება, 8 შეხვედრა დასრულდა ფრედ, ხოლო 7 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 104/44 თბილისელთა სასარგებლოდ.

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ- ექვსჯერ დაფიქსირდა ანგარიში 3:1 და 3:0. ხუთჯერ და რვაჯერ შეხვედრები 2:0 და 1:0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში რვა გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5:3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0:3 დამარცხდნენ. ყველაზე დიდი ანგარიშით მტკვრისპირელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მეცხრამეტე ჩემპიონატის მეშვიდე ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით.

ბოლო შეხვედრა ამ გუნდებს შორის, რომელიც 2016 წლის 10 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბათუმელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამო თბილისის მცველი- ლაშა თოთაძე გამოტოვებს.

 

 

დინამო ბთ - დინამო თბ  | მსაჯი

შეხვედრას ბათუმელთა წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ი. კვირიკასვილი და ა. ნონიკაშვილი იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ტ. რუხაია შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა 4 აპრილს, ეროვნული ლიგა 2- ში გამართული რუსთავი 4:1 ცხინვალი გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გოგა კიკაჩეიშვილმა ბოლოს 2016 წლის 15 ოქტომბერს იმსაჯა. გურიას წინააღმდეგ ლანჩხუთში გამართულ შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი წითელი და ოთხი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (25 წლის)

===========================================

ეროვნული ლიგა - 56 თამაში / 219 ყვითელი / 16 წითელი / 9 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 106 თამაში / 410 ყვითელი / 36 წითელი / 29 პენალტი

საქართველოს თასი - 15 თამაში / 42 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

მალტის პრემიერ ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

ბათუმელთა სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში ბათუმის დინამოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ტიმოფეევი - ტვილდიანი, სუხიაშვილი, კვირკველია, გოგიტიძე - თარხნიშვილი, ფლამარიონი, ქავთარაძე, შონია, ფონიავა  - კვასოვი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024