• Geo
  • Eng
13.04.2017
დინამო - შუქურა | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი  ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე, 2016 წლის ოქტომბრიდან ქართველი ფეხბურთის სპეციალისტი- გია გურული მუშაობს. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

 

 

დინამომდე

შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი სამტრედიაში 1:1 ნათამაშები ყაიმით გახსნა. იგივე ანგარიში ქობულეთელებმა მომდევნო ტურში ქუთაისის ტორპედოსთან დააფიქსირეს. საქართველოს თასზე შუქურა საფეხბურთო კლუბ გორთან დამარცხდა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ ქობულეთელებმა მიჯრით ოთხი მატჩი დათმეს ეროვნულ ლიგაში. შესაბამისად- ჩიხურასთან 1:3, ფოთის კოლხეთთან 2:4, ბათუმის დინამოსთან 0:2 და ლოკომოტივთან 0:5.

 

 

შუქურა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 6 შეხვედრას ითვლის. ხუთი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 13/2.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. ბოლოს გუნდები ქობულეთში წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ იმავე წლის 6 ნოემბერს და დინამომ ზაზა ჭელიძის გოლით 1:0 იმარჯვა.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

დინამო - შუქურა  | მსაჯი

ქობულეთის შუქურასთან მოახლოებულ დაპირისპირებას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და გ. ელიკაშვილი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა, 8 აპრილს ეროვნულ ლიგაშიგამართული დილა 1:1 კოლხეთი გახლავთ. მთავარმა არბიტრმა შეხვედრის მიმდინარეობისას ექვს ფეხბურთელს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში გიორგი ყრუაშვილმა უკანასკნელად 2017 წლის 18 მარტს გორის დილას წინააღმდეგ იმსაჯა. 1:2 დამთავრებულ შეხვედრაში ყრუაშვილმა ოთხჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები, ორი მათგანი კი მოედნიდან გააძევა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გიორგი ყრუაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გიორგი ყრუაშვილი (დაბადების თარიღი: 1986 წლის 29 მაისი)

===========================================

ეროვნული ლიგა – 73 თამაში / 295 ყვითელი / 13 წითელი / 16 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 35 თამაში / 117 ყვითელი / 12 წითელი / 14 პენალტი

ეროვნული ლიგა 3 – 3 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი –  13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი

უეფას U17 ელიტრაუნდი - 6 თამაში / 20 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფას U19 ჩემპიონთა ლიგა - 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას U21 საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფას ევროპა ლიგის შესარჩევი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი

უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

შუქურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჯიოევი - ჭეჟია, მახარაძე, კალანდია, ჩაჩუა - კლიმიაშვილი, კუტალია, საბაძე, გურული - მამულაშვილი, ჟეფინიუ

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024