• Geo
  • Eng
22.04.2017
დინამო - საბურთალო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე- საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა ამ სეზონში საბურთალო საშინაო შეხვედრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავს. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გასულ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 12 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

საბურთალომ ეროვნული ლიგა ქუთაისის ტორპედოსთან 1:0 გამარჯვებით გახსნა. ამას მოჰყვა მარცხი ფოთის კოლხეთთან 0:3 და თასის 1/16 ფინალში იმავე ანგარიშით შევარდენთან. შემდეგ იყო ორი გამარჯვება, ლოკომოტივთან 2:1 და დილასთან 1:0, რასაც ასევე ორი მარცხი მოჰყვა შესაბამისად- სამტრედიასთან 1:2 და ისევ 1:2 ჩიხურასთან. ბოლო საბურთალო ბათუმის დინამოს ეთამაშა და 2:0 იმარჯვა.

 

 

დინამო  - საბურთალო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ ოთხჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. სამ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 9/0 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

 

დინამო - საბურთალო | მსაჯი

შეხვედრას საბურთალოს წინააღმდეგ- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ი. უკლება გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები დ. ხარიტონაშვილი და დ. სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი შ. ქუხილავა შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 13 აპრილს ეროვნულ ლიგა 2- ში გამართული რუსთავი 1:0 სიონი გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2017 წლის 11 მარტს თბილისური დერბი იმსაჯა. ლოკომოტივის წინააღმდეგ 0:1 წაგებულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა ხუთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
ეროვნული ლიგა - 195 თამაში / 688 ყვითელი / 29 წითელი / 32 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 - 20 თამაში / 71 ყვითელი / 1 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 32 თამაში / 90 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ლიგა – 5 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კუპატაძე - ლაკვეხელიანი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, მამუჩაშვილი - ხარაიშვილი, არზიანი, ალვინი, კოხრეიძე - გონსალვეში, შინდაგორიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024