დღეს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, რომელიც ყაზახეთში პრეზიდენტის თასზე ასპარეზობს, პირველი შეხვედრა ჩაატარა. გიორგი ნემსაძის გუნდი ალბანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩმა მთლიანად ჭაბუკი ჯვაროსნების უპირატესობით ჩაიარა, ქართველებმა ბანნიკოვის თასზე აღებული რიტმი არც ამ თამაშში გაანელეს და ალბანელები უშანსოდ დაამარცხეს. დუბლი შეასრულა შოთა ნონიკაშვილმა. მის გოლებს შორის ნაკრების კაპიტანმა, დინამოელმა ზუკა დავითაშვილმა გაიტანა თავისი გოლი. მეოთხედ ალბანელთა კარი გიორგი გულიაშვილმა აიღო, წერტილი კი დინამოელმა ელგუჯა ჯანგველაძემ დასვა. სასტარტო შემადგენლობაში ნემაძემ ჩვენი კლუბის 5 ფეხბურთელი - ლუკა ხარშილაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ათამაშა. შეცვლაზე კი ზურა ჭავჭანიძე, გიორგი ლომთაძე, ელგუჯა ჯანგველაძე და ვახტანგ ჩარკვიანი შეიყვანა. მომდევნო მატჩს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 5 სექტემბერს ყირგიზეთთან გამართავს.