შაბათს 9 სექტემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის 25- ე ტურის შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქობულეთის შუქურას უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.
9 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 12 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თბილისელებმა 8 მატჩი გამარჯვებით დაასრულეს, 2- ჯერ ფრედ ითამაშეს და 2- ჯერ დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის მხარესაა 21/9.
1945 წელს თბილისელებმა კიევში ადგილობრივი დინამო დიდი ანგარიშით 7:2 დაამარცხეს. ბორის პაიჭაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა, თითო გოლი კი ვიქტორ პანიუკოვმა და გაიოზ ჯეჯელავამ გაუტანეს კიეველ თანაკლუბელებს. 1949 წელს რევაზ მახარაძის გოლით ბაქოში ნეფტიანიკი 1:0 დავამარცხეთ. 1955 წელს მოსკოვში ტორპედოსთან მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ბასა ღოღობერიძის ანგარიშზეა. სამი წლის შემდეგ ჩვენი გუნდი კიევში 0:4 დამარცხდა. 1960 წელს დინამომ ერევნის სპარტაკი მიიღო და სამი უპასუხო გოლით დაჯაბნა მეზობლები. ვლადიმერ ბარქაიამ ორი გოლი ჩაიწერა აქტივში, ერთი ბურთიც ზაურ კალოევმა გაუტანა ერევნელებს. ორი წლის შემდეგ მოსკოვში 2:0 ვაჯობეთ ადგილობრივ დინამოს. ზაურ კალოევი დუბლით გამოირჩა. 1970 წელს ოდესაში ჩერნომორეცს უგოლოდ დავცილდით, ხოლო 1974 წელს თბილისში 0:1 დავმარცხდით მოსკოვის სპარტაკთან. 1989 წელს იმავე სპარტაკს მოსკოვში კახი გოგიჩაიშვილის გოლით მოვუგეთ 1:0.
1990 წელს შევარდენთან დედაქალაქური დერბი დინამომ 3:1 მოიგო. გია გურულმა, ზაზა რევიშვილმა და თემურ ქეცბაიამ გაიტანეს გოლები. 1997 წელს რუსთავის მეტალურგი დავამარცხეთ 2:0. ლუკა გელაძემ და დავით მუჯირმა გამოიჩინეს თავი. 2006 წელს სანდრო იაშვილის გოლით დინამომ ბოლნისში სიონი 1:0 დაამარცხა.