დღეს დინამო არენაზე 65- ე ქართული დერბი გაიმართა. როგორც სჩვევია დინამოსა და ტორპედოს დაპირისპირებას, ეს შეხვედრაც ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. კარისაკენ პირველმა მასპინძლებმა დაარტყეს. ბექა მიქელთაძე თავით ცდილობდა ზუსტ თამაშს. მე- 12 წუთზე დედაქალაქელებმა მწვავედ შეუტიეს, ბაჩანა არაბული ახლოს იყო მიზანთან, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუფარა დარტყმულ ბურთზე. მოწოდებულ კუთხურს ისევ არაბული აგვირგვინებდა, ამჯერადაც მისი მაკრატელა მეტოქე მცველს მოხვდა. ამის შემდეგ ტაიმი აღსანიშნავი სახიფათო მომენტების გარეშე, თუმცა უაღრესად დაძაბულად გაგრძელდა. 38- ე წუთზე თორნიკე კაპანაძის დარტყმული ოდნავ აცდა დინამოელთა კარს, ბურთი მცველს მოხვდა და ისე შეიცვალა მიმართულება. საპასუხოდ გიორგი პაპუნაშვილმა წამოიწყო დრიბლინგი, რომელიც აკრძალული ხერხით შეაჩერეს. საჯარიმოდან ლაშა თოთაძის გასროლილი, როინ კვასხვაძემ მოიგერია. 43- ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს ანგარიში. გოლი გრიგოლ დოლიძის ანგარიშზეა. პირველი ტაიმი ესეც დასულდა. მეორე ნახევარი დინამომ ცვლილებით განაახლა. გიორგი კუციას ნაცვლად მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შემოვიდა, რომელიც უმალ აქტიურად ჩაერთო თამაშში. 51- ე წუთზე თბილისელებმა წონასწორობა აღადგინეს. საბა ლობჟანიძის გადაცემული ბურთი გიორგი პაპუნაშვილმა დაახლოებით 20 მეტრიდან ტორპედოს კარში მოათავსა 1:1. შეხვედრის 62- ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, მეკარეც გამოთიშა თამაშიდან, აი დარტყმული ბურთი კი მცველმა გამოიტანა დაუცველი კარიდან. დინამოს მასირებულმა შეტევებმა შედეგი 66- ე წუთზე გამოიღო. საბა ლობჟანიძემ კუთხურიდან როინ კვასხვაძის კარში გადაგზავნა ბურთი, რომელიც შეცვლაზე შემოსულ ხურციძეს მოხვდა და დინამო დაწინაურდა 2:1. ცოტახანში გიორგი პაპუნაშვილს შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა. მისი დარტყმული სანტიმეტრებში აცდა ქუთაისელთა კარს. მატჩის 82- ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის და საბა ლობჟანიძის სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის ტექნიკური და მცირედით არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მომდევნო შეტევაში ბექა მიქელთაძის ყუმბარისებული დარტყმა ჯერ კვასხვაძემ და შემდეგ ტორპედოს კარის ხარიხამ მოიგერია. საბოლოოდ დინამომ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა და მეტოქე დამსახურებულად დაამარცხა. ამით ჩემპიონატის პირველი ეტაპი დასრულდა, დინამომ კი 18 შეხვედრაში 43 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 42/11 სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცა.
დინამო 2:1 ტორპედო
გოლი: 0:1 დოლიძე 43’ 1:1 პაპუნაშვილი 51’ 2:1 ხურციძე 66’
გაფრთხილება: ტუღუში 39’ პაპუნაშვილი 51’ ჩაკვეტაძე 64’
დინამო: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გველესიანი, სალუქვაძე, მიშენკო, ქარდავა, კუცია (ჩაკვეტაძე 46), ლობჟანიძე, პაპუნაშვილი (თევზაძე 92), მიქელთაძე, არაბული
ტორპედო: კვასხვაძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ბაბუნაშვილი (ხურციძე 64), კაპანაძე, კუხიანიძე (კუჭუხიძე 72), გურული, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური, ტუღუში (საღრიშვილი 86)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი