გორში მიმდინარე თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ტურნირი დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ფინალურ შეხვედრაში ლოკომოტივს დაუპირისპირდა. გადამწყვეტი მატჩი ფინალის საკადრისად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში ლოკომოტიველმა ირაკლი ძოწენიძემ გახსნა. მეათე წუთზე საბა თათულაშვილმა აღადგინა წონასწორობა. მეოცე წუთისთვის კი მეტოქე უკვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. დემეტრე ციკოლიამ და თეიმურაზ დევიძემ გაიტანეს გოლები. დინამოელები არ გატყდნენ და სტატუს ქვო პირველივე ტაიმში აღადგინეს. ჯერ საბა გეგიაძემ ითამაშა ზუსტად, ტაიმის ბოლოს კი ჯადული იობაშვილმა გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში იობაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაუტანა მეტოქეს და საბოლოოდ დინამოელებმა ლოკომოტივს 4:3 მოუგეს.
ოქროს მედლების გარდა დინამოელებმა ტურნირის ორგანიზატორებისგან ინდივიდუალური პრიზებიც დაიმსახურეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - საბა გეგიაძე გახდა. მანვე მიიღო საუკეთესო გოლისთვის დანიშნული პრიზი. ჯადული იობაშვილი საუკეთესო თავდამსხმელად და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ხოლო გათამაშების აღმოჩენა მუხრან ბაგრატიონი გახდა.
U13 დინამო 4:3 ლოკომოტივი
დინამო: ჯოჯუა, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, არჩაია, ჯანაშია, ცხოვრებაშვილი, ლაცაბიძე, კობახიძე, გეგიაძე, თათულაშვილი, იობაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: გოგებაშვილი, აღდგომელაშვილი, როსივერი
ლოკომოტივი: კილასონია, ხვიჩია, ჩოფიკაშვილი, ციკოლია, ჟღენტი, ხუტიაშვილი, ნ. სიბაშვილი, გ. სიბაშვილი, კაკუბავა, დევიძე, ძოწენიძე