• Geo
  • Eng
15.09.2017
17 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

კვირას 17 სექტემბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ოცდამეექვსე ტურის შეხვედრას ჩაატარებს. სატურნირო ცხრილის ლიდერი მეხუთეადგილოსან საბურთალოს უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

17 სექტემბერს დინამოს თავის ისტორიაში 19 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. თბილისელებმა 9- ჯერ თავაწეულებმა დატოვეს მოედანი, 6 მატჩი ყაიმით დასრულდა, ხოლო 4- ჯერ მეტოქემ იმარჯვა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დინამოელთა მხარესაა 32/12.

1949 წელს ლურჯ-თეთრებმა სტალინოს შახტიორი მიიღეს და დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნეს მეტოქე. ანდრო ზაზროევმა და რევაზ მახარაძემ დუბლი გაიფორმეს, ერთი გოლიც ბასა ღოღობერიძემ გაიტანა. მომდევნო ორი წელი თბილისელებმა ფრედ ითამაშეს. მოსკოვის ცდკა- თან 2:2 და იმავე სტალინოს შახტიორთან 1:1. პირველ ჯერზე გოლები მიხეილ ჯოჯუამ და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს, მეორე შემთხვევაში კი იური ვარდიმიდიადმა გამოიჩინა თავი. 1959 წელს მოსკოვში ტორპედოსთან დავმარცხდით 0:1. 1968 და 1972 წლებში გატანილი გოლების გარეშე დავცილდით ვოროშილოვგრადში ზარიას და დონის როსტოვში სკა- ს. 1988 წელს დინამომ კახი გოგიჩაიშვილის გოლით 1:0 მოუგო ვილნიუსში ჟალგირისს. მომდევნო წელს თბილისელები დონეცკში 0:1 შახტიორთან დამარცხდნენ.

1980 წელს უეფას თასების მფლობელთა თასის ჩვენთვის ტრიუმფალური სეზონის 1/16 ფინალში დინამო უგოლო ყაიმით ბერძნულ კასტორიას დაუზავდა. 1987 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში დინამო სოფიის ლოკომოტივთან 1:3 დამარცხდა. გოლი ბულგარელთა კარში ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა.

1991 წელს თბილისელებმა ზუგდიდში ოდიშთან მატჩი 0:1 დათმეს. ორი წლის შემდეგ დინამომ გიორგი ქინქლაძის და შოთა არველაძის გოლებით რუსთავში მეტალურგს 2:1 აჯობა. 1995 წელს მტკვრისპირელებმა რიონისპირელები მიიღეს და 5:1 დაჯაბნეს ტრადიციული მეტოქე. გიორგი დემეტრაძემ ორი გოლი გაიტანა, თითოჯერ კი ქუთაისელთა კარი კახი გოგიჩაიშვილმა, როინ კერძევაძემ და დავით მუჯირმა აიღეს. 2000 წელს ჩვენმა გუნდმა ბათუმის ბათუმს 2:0 მოუგო. შედეგიანად გიორგი მიქაძემ და რევაზ ქემოკლიძემ ითამაშეს. მომდევნო სეზონში დინამომ მერანი-91 მიიღო და ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს. მიხეილ ბობოხიძის დუბლს თითო გოლი- ვიტალი დარასელიამ, კოკა მიკუჩაძემ, თორნიკე აფციაურმა და ნიკოლოზ თუთარაშვილმა მიამატეს. 2006 წელს თელავის კახეთთან 2:1 მოვიგეთ. თავის გამოჩენა დავით გიგაურმა და ჟოსიმარ ამბროზიუმ შეძლეს. 2011 წელს ფოთში კოლხეთთან დინამომ 3:0 იმარჯვა. ნიკა კვეკვესკირი, ალექსანდრე კოშკაძე და ჯაბა ჯიღაური გატანილი გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ 2:0 ვიმარჯვეთ ცხინვალის სპარტაკთან. პირველი გოლი დორინ გოგას ანგარიშზეა, მეორე კი ლევან ხმალაძის. 2016 წელს თბილისური დერბი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024