• Geo
  • Eng
13.05.2017
დილა - დინამო | მატჩამდე

კვირას, 14 მაისს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურში დინამო თბილისი გორის დილას დაუპირისპირდება. შეხვედრა გორში 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი წარმოგიდგენთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

გორის საფეხბურთო კლუბი 1949 წელს შეიქმნა და არსებობის მანძილზე სახელწოდება რამდენჯერმე შეიცვალა. 1961 წლიდან კი დილა ეწოდა. გუნდი საშინაო შეხვედრებს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 8 300 მაყურებელზეა გათვლილი. კლუბის სიმბოლიკა ძირითადად ცისფერ და ბორდოსფერშია გადაწყვეტილი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 18 წლის შემდეგ – 2008 წელს, გორის დილა უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. პირველ ლიგაში დაქვეითებულმა გორელებმა მომდევნო – 2009/2010 წლების სეზონი მეორე ლიგაში დაიწყეს. დილა უმაღლეს ლიგას სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. გუნდმა ჯერ 2009/2010 წლების სეზონში მოიპოვა პირველ ლიგაში ასპარეზობის უფლება, შემდეგ კი 2010/2011 წლების სეზონში უმაღლესი ლიგის საგზურიც მოიპოვა. პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა გორის დილამ გადათამაშებაში სამტრედიას 2:0 მოუგო და ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გორის დილამ თავისი პირველი ტიტული 2011/2012 წლების სეზონში მოიპოვა. შიდაქართლელებმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონს 4:1 მოუგეს. 2014/2015 სეზონი კი გორელთათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. დილამ თავის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვა. ასევე დილამ ვერცხლის მედლები ირგუნა სუპერთასის ფინალში, სადაც 0:1 დამარცხდა დინამოსთან.

 

 

მწვრთნელი და დილა

2017 წლის იანვარში გორის დილამ ახალი მთავარი მწვრთნელი- ზივ არიე წარადგინა. 45 წლის ფეხბურთის სპეციალისტი ისრაელიდანაა და მანამდე სამშობლოში თელ ავივის მაქაბის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი გახლდათ. დილამ მისი ხელმძღვანელობით თურქეთში გაიარა შეკრება. ახლა კი ჩატარებული 11 მატჩიდან დაგროვილი 14 ქულით სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

დილამ მიმდინარე პირველობაზე პირველ მატჩში ჩიხურასთან ითამაშა უგოლო ფრე, ხოლო შემდეგ ბათუმის დინამოსთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში გორელებმა სამგურალი-2 დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს. შემდეგ იყო გამარჯვება ჩვენს გუნდთან 2:1 და მარცხი საბურთალოსთან 0:1. ამას მოჰყვა ოთხი ფრე. შესაბამისად- ტორპედოსთან და კოლხეთთან 1:1, ლოკომოტივთან 3:3 და შუქურასთან 0:0. თასის მერვედფინალშ დილამ ფოთის კოლხეთს 1:0 აჯობა, შემდეგ კი სამტრედიასთან დამარცხდა 1:2. დილამ მოუგო ჩიხურას 2:0 და ბათუმში დინამოს 3:2.

 

 

დილა - დინამო

ეროვნული ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 56- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 41 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 11 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 144/31 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამ-სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა 2:2 და ორი მატჩიც 1:1 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0), დინამოს კი საქართველოს ჩემპიონატში 4 წელია გორელთათვის არ მოუგია.

ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2017 წლის 18 მარტს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ეს იყო გორელთა ისტორიაში მეოთხე გამარჯვება დინამოსთან. გოლი სტუმართა კარში ბაჩანა არაბულმა გაიტანა.

 

 

შეხვედრის მთავარი მსაჯი

შეხვედრას დილას წინააღმდეგ- ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და ს. სპიცინი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები გ. ავაზაშვილი და დ. სანოძე იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვარდიძე შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 10 მაისს ეროვნულ ლიგაში გამართული ჩიხურა 1:2 სამტრედია გახლავთ. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 2017 წლის 23 აპრილს საბურთალოს წინააღმდეგ 2:0 მოგებულ შეხვედრაში იმსაჯა. მატჩის მთავარმა არბიტრმა სამი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
ეროვნული ლიგა - 198 თამაში / 701 ყვითელი / 29 წითელი / 32 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 - 21 თამაში / 75 ყვითელი / 1 წითელი / 6 პენალტი

საქართველოს თასი - 33 თამაში / 94 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ლიგა – 5 თამაში / 25 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 39 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელი მატჩს ორივე გუნდი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდება.

 

დილას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, გორის დილას სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მუჯრიშვილი - ფოფხაძე, კვახაძე, ეტოუ, ქარქუზაშვილი - ძარია, კირკიტაძე, პაპავა, ნონიკაშვილი - ლეანდრო, ტარავალე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024