• Geo
  • Eng
12.05.2017
14 მაისი დინამოს ისტორიაში

კვირას 14 მაისს, დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრას გორში ჩაატარებს. ადგილობრივ დილასთან მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

14 მაისს თბილისელებს თავის ისტორიაში 13 ოფიციალური მატჩი აქვთ ჩატარებული. დინამომ 8 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა, 3 ფრე ითამაშა და ორჯერ დამარცხდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 19/7 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

1962 წელს თბილისელები ლენინგრადში ადგილობრივ დინამოსთან 1:2 დამარცხდნენ. გოლი ჩრდილოელებს შოთა იამანიძემ გაუტანა. 1969 წელს ტაშკენტში პახტაკორთან მატჩი უგოლოდ მორჩა. 1971 წელს გივი ნოდიას გოლით ალმათის კაირათს ვაჯობეთ 1:0. სამი წლის შემდეგ მოსკოვში დინამოსთან ფრე 0:0. 1976- ში ლვოვის კარპატი დავჯაბნეთ სამი უპასუხო გოლით. დავით ყიფიანმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ვიტალი დარასელიას ანგარიშზეა. 1985 წელს თბილისელებმა ქუთაისის ტორპედო დაამარცხეს 2:0. რამაზ შენგელიამ და მალხაზ არზიანმა გამოიჩინეს თავი. 1989 წელს ერევანში არარატთან დაპირისპირებაში გოლები არ გასულა.

1992 წელს დინამო ლანჩხუთში დამარცხდა 1:2. გოლი გოჩა ჯამარაულის ანგარიშზეა. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა იმავე ანგარიშით შევარდენს მოუგო. გოლები გელა ინალიშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს. 1997 წელს თსუ-შევარდენთან მატჩი 3:1 მორჩა. როინ კერძევაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და გიორგი დემეტრაძემ ითამაშეს ზუსტად და შედეგიანად. 2005 წელს კახა მახარაძის, ლაშა ნოზაძის და ლევან მელქაძის გოლებით დინამომ კოლხეთს 3:0 მოუგო. 2011 წელს დინამო ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელებმა დიმიტრი ტატანაშვილის გოლით 1:0 დაასრულეს. ასევე ბოლნისის სიონს ვაჯობეთ 2016 წელს. დინამო ვადამდელი ჩემპიონის სტატუსით ესტუმრა ბოლნისს და საბა ლობჟანიძისა და გიორგი ქვილითაიას გოლებით 2:1 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024