• Geo
  • Eng
20.05.2017
დინამო - სამტრედია | მატჩამდე

საქართველოს 16 გზის ჩემპიონი ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ გამართავს. 21 მაისს შეხვედრა დინამო არენაზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ცენტრალური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი სამტრედია 1936 წელს დაარსდა. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის ლოკომოტივი. შემდგომში კლუბი სხვა და სხვა სახელით (სამტრედია, სანავარდო, იბერია) გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში.

საშინაო მატჩებს სამტრედია- ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომლის ტევადობაც 3000 გულშემატკივარზეა გათვლილი. სამტრედიის საკლუბო ფერები ძირითადად თეთრ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ სამტრედიას 2016 წლამდე, 1994-1996 წლებში ჰქონდა, გუნდმა 1995 წელს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 20 წლის შემდეგ იმერული გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც 0:5 დამარცხდა დინამო თბილისთან. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში კი სამტრედიამ პირველად თავის ისტორიაში - საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კლუბში სხვა და სხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში- ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და კახი კალაძეს.

 

 

მწვრთნელი და სამტრედია

სკ სამტრედიის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2015 წლის ივნისიდან გიორგი ცეცაძე მუშაობს. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში კი 12 ჩატარებული მატჩიდან დაგროვებული 23 ქულით, სამტრედია სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე...

2017 წლის სეზონი სამტრედიამ ტიტულის მოპოვებით დაიწყო. საქართველოს სუპერთასის ფინალში სამტრედიამ ტორპედოს 2:1 მოუგო. შემდეგ იყო ფრე შუქურასთან 1:1 და მარცხი ჩიხურასთან 0:1. საქართველოს თასის 1/16 ფინალში სამტრედიამ ვიტ ჯორჯიას აჯობა 2:1, ხოლო პირველობაზე ბათუმის დინამოს 1:0 მოუგო. შემდეგ მონაცვლეობით დამარცხდა ჩვენს კლუბთან 0:2, აჯობა საბურთალოს 2:1, დამარცხდა ტორპედოსთან 0:2 და მოუგო ფოთის კოლხეთს 2:1. შემდეგ იყო უგოლო ფრე ლოკომოტივთან და მარცხი თასის მერვედფინალში ტორპედოსთან 0:2. სამტრედიელებმა ამის შემდეგ მიჯრით ოთხ მატჩში მოიპოვეს გამარჯვება. 2:1 დილასთან, 2:0 შუქურასთან, 2:1 ჩიხურასთან და 2:0 ბათუმის დინამოსთან.

 

 

დინამო - სამტრედია

დინამოსა და სამტრედიის ურთიერთშეხვედრების ისტორია 34 მატჩს ითვლის. სხვადასხვა დროს სამტრედია სახელშეცვლილი ასპარეზობდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი სამი გათამაშება ჩვენმა მომავალმა მეტოქემ- სანავარდოს სახელით ჩაატარა, ხოლო 1998 წლიდან 2001 წლის ჩათვლით გუნდს- იბერია ერქვა. 34 ჩატარებული მატჩიდან დინამომ 26 პაექრობა გამარჯვებით დაასრულა, 3 შემთხვევაში გუნდებმა ფრედ ითამაშეს, 5 დაპირისპირება კი სამტრედიამ მოიგო. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 82/20 თბილისელთა სასარგებლოდ.

ხუთი და მეტი ბურთით დინამომ ხუთჯერ დაამარცხა მეტოქე. 1991 წელს თბილისელებმა 6:0 აჯობეს ოპონენტს. მიხეილ ყაველაშვილის ჰეთ თრიქს თითო გოლი თემურ ქეცბაიამ, გელა ინალიშვილმა და ზაზა რევიშვილმა მიამატეს. 1996 წელს დინამოელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს სამტრედიას. ალექსანდრე იაშვილი (2), როინ კერძევაძე, გიორგი დემეტრაძე, გელა ინალიშვილი და ლევან ხომერიკი გახდნენ გოლების ავტორები. ორი წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა 7:2 იმარჯვა. მიხეილ აშვეთიასა და გიორგი შენგელიას დუბლს, გიორგი კიკნაძემ, დავით მუჯირმა და გელა ლურსმანაშვილმა (ს.კ.) შემატეს გოლები. 2000 წელს ამ გუნდების შეხვედრა 5:0 დასრულდა. თავის გამოჩენა თეიმურაზ გადელიამ, დავით დათვაძემ, არჩილ სახვაძემ, კახა გოგოლაძემ და ზაზა ზირაქიშვილმა მოახერხეს. 2011- ში დინამომ 7:1 დაამარცხა სამტრედია. ლევან ხმალაძემ და დონალდ ჯუისმა ორ-ორი გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი პეტარ იელიჩის, ზურაბ არზიანის და გიორგი ხუმარაშვილის (ს.კ.) ანგარიშზეა. ყველაზე მეტჯერ 34 დაპირისპირებიდან დაფიქსირდა ანგარიში 1:0 (სულ შვიდჯერ) 5 მატჩი დინამომ მოიგო მინიმალური ანგარიშით და ორიც სამტრედიამ.

ბოლო მატჩი ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2017 წლის 2 აპრილს სამტრედიაში გაიმართა. სტუმრებმა 2:0 დაამარცხეს მასპინძლები. გოლები სამტრედიელთა კარში ბექა მიქელთაძემ და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს.

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოს თავდამხსმელი- ბექა მიქელთაძე გამოტოვებს.

 

 

სამტრედია - დინამო | მსაჯი

ჩვენი გუნდის შეხვედრას სამტრედიის წინააღმდეგ- დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ი. უკლება და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან დ. სანოძე და შ. ქუხილავა. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ვადაჭკორია შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა 13 მაისს ეროვნული ლიგაში გამართული კოლხეთი 0:3 ტორპედო გახლავთ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2017 წლის 30 აპრილს იმსაჯა. ტორპედოსთან ქუთაისში გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ოთხჯერ გამოიყენა ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი (36 წლის)

===========================================

ეროვნული ლიგა - 151 თამაში / 509 ყვითელი / 25 წითელი / 35 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 - 46 თამაში / 132 ყვითელი / 5 წითელი / 8 პენალტი

საქართველოს თასი - 23 თამაში / 62 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

 

 

სამტრედიის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში სამტრედიის სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ახალაძემარკოზაშვილი, სამუშია, რაჟამაშვილი, დათუნაიშვილი ბერიაშვილი, ჯიქია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024