• Geo
  • Eng
21.07.2017
დინამომ ეროვნული ლიგა გამარჯვებით განაახლა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა. ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს. მეშვიდე წუთზე ლაშა თოთაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა ძლიერად და ზუსტად 1:0. სამიოდე წუთში თბილისელებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, გიორგი ჩაკვეტაძის შეტევას მიხეილ ერგემლიძე ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, ბურთი ხარიხამ მოიგერია. სამაგიეროდ მე- 19 წუთზე აკაკი შულაიას აქტიურობას, რომელმაც მეტოქის მეკარეს შეუშალა ხელი, ბექა მიქელთაძის ზუსტი თამაში და კოლხთა კარში მეორე გოლი მოჰყვა. ამის მერეც დინამოს კიდევ ორჯერ შეეძლო გოლის გატანა. პირველ ეპიზოდში ჩაკვეტაძის ტექნიკური გადაცემაა აღსანიშნავი, რომელიც მიქელთაძემ ვერ შეირგო. მეორე ჯერზე ისევ მიქელთაძის დარტყმული აცდა კარს. დინამომ მაინც მოახერხა პირველ ტაიმში მესამე გოლის გატანა. 43- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ ზუსტად შენიშნა გიორგი ჩაკვეტაძე, ახალგაზრდა შემტევმა ტექნიკურად ჩამოიცილა მცველი და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა. შეხვედრის მეორე ტაიმი დინამომ ასევე აქტიურად დაიწყო და 53- ე წუთზე კოლხეთის კარში მეოთხე გოლიც გავიდა. შეტევა დავით კობოურმა დაახლოებით 50 მეტრიანი პასით წამოიწყო, ბურთი აკაკი შულაიამ მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ბექა მიქელთაძეს გადააწოდა, რომელმაც შეხვედრაში დუბლი შეასრულა 4:0. 67- ე წუთზე ისევ ბექა მიქელთაძე და მისი უძლიერესად დარტყმული კოლხეთის კარის ხარიხამ უკუაგდო. ორიოდე წუთში აკაკი შულაიას ზუსტი პასი და გიორგი თევზაძემ ანგარიში 5:0 გახადა. კოლხეთმა შედეგიანად შეუტია და ერთი ბურთი იგორ ბროვკომ გაქვითა. 85- ე წუთზე ფოთელთა კარი ამ შეხვედრაში მესამედ იხსნა ხარიხამ, მას შემდეგ რაც ძლიერად ნიკა ნინუამ გაისროლა. მომდევნო შეტევაში კი დინამოს რიგებში თავისი დებიუტი ლაშა ქოჩლაძემ ზუსტი დარტყმით აღნიშნა და საბოლოო ანგარიში 6:1 დააფიქსირა. მომდევნო მატჩს დინამო 29 ივლისს ლოკომოტივთან ჩაატარებს. მორიგი თბილისური დერბი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

დინამო  6:1  კოლხეთი

 

გოლი: 1:0 თოთაძე 7’  2:0 მიქელთაძე 19’  3:0 ჩაკვეტაძე 43’  4:0 მიქელთაძე 53’  5:0 თევზაძე 69’  5:1 ბროვკო 70’  6:1 ქოჩლაძე 87’ 

გაფრთხილება: ოტიენო 38’ 

 

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, კუცია (ნინუა 72), ერგემლიძე (თევზაძე 52), ჩაკვეტაძე, შულაია (ქოჩლაძე 85), მიქელთაძე

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია, ნონდი, კაკულია, დაფე, ოტიენო (მაჩარია 57), ჯანელიძე, ჟიშკარიანი, ბახია (ბროვკო 62), ბუხაიძე (დერებჩინსკი 69)

 

მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024