• Geo
  • Eng
23.05.2017
ჩიხურა - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრას დინამოელები 24 მაისს ივანწმინდაში საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 16.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საჩხერის საფეხბურთო კლუბი ჩიხურა 1938 წელს დაარსდა. გუნდის ოფიციალური სიმბოლიკა ყვითელ და ლურჯ ფერებშია გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე მართავს, რომელიც 2000 მაყურებელს იტევს, თუმცა მიმდინარე სეზონში ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მასპინძლობს სტუმრებს. ჩიხურა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ხუთწლიანი პაუზის შემდეგ-  2012/2013 წლების სეზონში დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში საჩხერელთა პირველი შედეგიანი რეზულტატი 2013/2014 სეზონში დაფიქსირდა, გუნდმა უმაღლეს ლიგაში მესამე საფეხური დაიკავა. ის სეზონი ჩიხურასთვის წარმატებული გამოდგა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზეც, საჩხერის გუნდმა გათამაშების ფინალში ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდა. ჩემპიონატში დაკავებულმა მესამე საფეხურმა და საქართველოს თასის ფინალისტობამ ჩიხურას ევროასპარეზზე შეხვედრების ჩატარების უფლება მისცა. გუნდმა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყო თამაში, სადაც ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მაკედონიური ტურნოვოს ბარიერი დაძლია, იმარჯვა რა ორივე შეხვედრაში 1:0 და 3:1. მეორე ეტაპზე თურქულ ბურსასპორთან ორივე პაექრობა უგოლოდ დასრულდა. პენალტების სერიაში კი საჩხერლებმა იყოჩაღეს. მესამე რაუნდში აზერბაიჯანულ ნეფთჩისთან მატჩი ბაქოში 0:0 დასრულდა. თბილისური პაექრობა კი სტუმართა გამარჯვებით 3:2 მორჩა. 2016 წლის სეზონი კი გუნდისთვის შიდა არენაზე ყველაზე წარმატებული გამოდგა. ზემოიმერულმა გუნდმა გარდამავალი პირველობის ვერცხლის მედლები მოიპოვა.

 

 

მწვრთნელი და ჩიხურა

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელი 2008 წლიდან დღემდე- სოსო ფრუიძე გახლავთ, რომელთან ერთადაც გუნდმა პირველ ლიგაში წარმატებას მიაღწია და უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. სოსო ფრუიძემ ჩიხურაში ცხრა წლიანი მოღვაწეობის თავზე გუნდი ქართულ საფეხბურთო ელიტაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. 2013/2014 სეზონში გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ეროვნულ ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაზეც. მოიპოვა საქართველოს სუპერთასი. სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით საჩხერის ჩიხურამ ორჯერ იასპარეზა ევრო თასებზე. 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში ფრუიძის გუნდმა ვერცხლის მედლები და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. მიმდინარე პირველობაზე სოსო ფრუიძის გუნდი დაგროვებული 17 ქულით გათამაშების ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე ...

29- ე ეროვნული ლიგა საჩხერის ჩიხურამ გორის დილასთან ნათამაშები უგოლო ფრით გახსნა. შემდეგ იყო გამარჯვებები სამტრედიასთან 1:0, თასის 1/16 ფინალში ლესიჭინესთან 7:0 და ქობულეთის შუქურასთან 3:1. ჩიხურა ბათუმის დინამოსთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რასაც ჩვენს გუნდთან 1:2 მარცხი მოჰყვა. შემდეგ ჩიხურამ 2:1 მოუგო საბურთალოს და იმავე ანგარიშით დათმო მატჩი ტორპედოსთან. ჩიხურამ 3:1 მოუგო ფოთის კოლხეთს და საქართველოს თასზე 2:0 აჯობა გაგრას. ამის შემდეგ ჩიხურამ მიჯრით სამი შეხვედრა წააგო. ლოკომოტივთან 0:5, დილასთან 0:2 და სამტრედიასთან 1:2. სამტრედიის შემდეგ ჩიხურამ 4:1 აჯობა შუქურას და უგოლო ფრედ ითამაშა ბათუმის დინამოსთან.

 

 

ჩიხურა - დინამო

დინამო და ჩიხურა ეროვნულ ასპარეზზე დღემდე ერთმანეთს 17 შეხვედრაში დაუპირისპირდნენ. დინამოს ანგარიშზე დიდი უპირატესობაა- 10 მოგება, 3 მარცხი და 4 ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 40/13 თბილისელთა სასარგებლოდ.

სადებიუტო შეხვედრაში 2006 წლის 18 ნოემბერს, დინამომ ანგარიშით 3:1 აჯობა მეტოქეს. გოლები მიხეილ ხუციშვილმა, სანდრო იაშვილმა და გიორგი თავბერიძემ (საკუთარ კარში) გაიტანეს. მეორე მატჩი 2007 წლის 16 მაისს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით- 5:0 იმარჯვა. გატანილი გოლებით გიორგი ფეიქრიშვილი, სანდრო იაშვილი, გიორგი მერებაშვილი, მიხეილ ხუციშვილი და გურამ კაშია გამოირჩნენ. მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2012 წლის 26 სექტემბერს საჩხერეში შედგა და უგოლოდ დასრულდა. მეოთხედ დინამო თბილისი საჩხერლებს 2 დეკემბერს დინამო არენაზე დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:2 იმარჯვა. ჩისკომ აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი მიკელ ალვაროს და ჯაბა დვალის ანგარიშზეა. 2013 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩში დინამომ სამი უპასუხო ბურთით იმარჯვა. ჩისკოს დუბლს ერთი გოლი ლევან ხმალაძემ მიამატა. მეექვსე დაპირისპირება საჩხერეში 12 მაისს გაიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. გოლები პეტერ გრაიციარის, ჩისკოს, გიორგი მერებაშვილის და კარლეს კოტოს ანგარიშზეა. 2013 წლის 20 ოქტომბერს დინამომ ანგარიშით 6:1 დაამარცხა მეტოქე. ჩისკომ მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა, ჯაბა დვალმა კი დუბლი. ერთი გოლიც ირაკლი ძარიას ანგარიშზეა. 2014 წლის 2 მარტს ზესტაფონში გაიმართა ამ გუნდების დაპირისპირება. თბილისელებმა 5:1 აჯობეს ჩიხურას. ჩისკომ კიდევ ერთი ჰეთ თრიქი გაიფორმა. თითო გოლი გიორგი მერებაშვილმა და გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანეს. 4 აპრილს ივანწმინდაში თამაში ფრედ 1:1 დასრულდა. გოლი ოთარ მარცვალაძის ანგარიშზეა. შემდეგი დაპირისპირება დინამოზე 7 მაისს გაიმართა და უგოლოდ მორჩა. 2014 წლის 7 დეკემბერს ივანწმინდაში, ჩიხურამ თავის ისტორიაში პირველად დაამარცხა დინამო- 1:0. 2015 წლის 22 მაისს ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 მორჩა. გოლები საჩხერელთა კარში- გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა თოთაძემ და ვახო ჭანტურიშვილმა გაიტანეს. შემდეგ დინამომ ჩიხურას 1 ნოემბერს უმასპინძლა და ოთარ კიტეიშვილის დუბლით 2:0 დაამარცხა მეტოქე. მომდევნო შეხვედრაში ეს გუნდები 2016 წლის 16 აპრილს ივანწმინდაში წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 1:0 მორჩა. 7 აგვისტოს ივანწმინდაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. გარდამავალ ჩემპიონატში ეს გუნდები 1 ოქტომბერს შეხვდნენ ერთმანეთს და დინამო არენაზე ჩიხურამ 2:1 იმარჯვა. გოლი ზემოიმერელთა კარში ვლადიმერ დვალიშვილმა გაიტანა. ბოლოს დინამო ჩიხურას მატჩი 5 აპრილს გაიმართა. თბილისელებმა გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ზარიას გოლებით 2:1 მოიგეს.

 

 

ჩიხურა  - დინამო | მსაჯი

ჩიხურასთან დაპირისპირებას - ჯენერი ხორავა განსჯის. მას ასისტენტობას- ლ. ვარამიშვილი და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი- ა. ბასლეჰლო შეასრულებს.

ბოლო შეხვედრა, რომელიც იმსაჯა ჯენერი ხორავამ, 19 მაისს ეროვნულ ლიგა 2- ში გამართული სამგურალი 2:0 მეშახტე გახლავთ. მთავარ არბიტრს შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ეროვნულ ჩემპიონატში ჯენერი ხორავამ უკანასკნელად 2017 წლის 5 აპრილს იმსაჯა. დინამომ ჩიხურას 2:1 აჯობა. აღნიშნულ შეხვედრაში ხორავამ ხუთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ჯენერი ხორავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ჯენერი ხორავა

დაბადების თარიღი: 1980 წლის 26 მაისი
===========================================
ეროვნული ლიგა - 95 თამაში / 356 ყვითელი / 18 წითელი / 18 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 - 51 თამაში / 168 ყვითელი / 14 წითელი / 13 პენალტი

საქართველოს თასი - 19 თამაში / 77 ყვითელი / 6 წითელი / 4 პენალტი

ვირსლიგა - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 ჩიხურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, მატჩში საჩხერელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ჰამზიჩი – კაშია, კაკუბავა, ჭელიძე, ჩიკვაიძე – გორგიაშვილი, კორიფაძე, დობროვოლსკი, განუგრავა  – ტატანაშვილი, ივანიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024