საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები 15 აგვისტოდან კიევში გასამართ ბანნიკოვის სახელობის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ნაკრები ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ემზადება. კიევში კი ჩვენს ჭაბუკებს ა ჯგუფში მეტოქეობას ბელორუსის, უკრაინის და ესტონეთის ნაკრებები გაუწევენ. გიორგი ნემსაძემ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდან შეარჩევს ტურნირზე წასაყვან შემადგენლობას. დღეისათვის ჭაბუკთა ნაკრებში მზადებას დინამო თბილისის 9 ფეხბურთელი - ლუკა კუტალაძე, ლუკა ხარშილაძე, თორნიკე ჯანგიძე, ირაკლი აზაროვი, ზურაბ ჭავჭანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და ელგუჯა ჯანგველაძე გადის. შეგახსენებთ, რომ კიევში შარშანდელი გათამაშება საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.