• Geo
  • Eng
31.05.2017
შუქურა - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთში შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება ჩელე არენაზე 17 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა დაარსდა 1968 წელს. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა და აღზევდა უმაღეს ლიგაში, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი  ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კვირაა რაც ვეტერანი ფეხბურთელი- გიორგი შაშიაშვილი მუშაობს. მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამ სეზონში შუქურამ პირველი გამარჯვება სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა, როდესაც ლოკომოტივს თბილისში 3:0 აჯობა. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 7 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

 

 

დინამომდე

შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი სამტრედიაში 1:1 ნათამაშები ყაიმით გახსნა. იგივე ანგარიში ქობულეთელებმა მომდევნო ტურში ქუთაისის ტორპედოსთან დააფიქსირეს. საქართველოს თასზე შუქურა საფეხბურთო კლუბ გორთან დამარცხდა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ ქობულეთელებმა მიჯრით ხუთი მატჩი დათმეს ეროვნულ ლიგაში. შესაბამისად- ჩიხურასთან 1:3, ფოთის კოლხეთთან 2:4, ბათუმის დინამოსთან 0:2, ლოკომოტივთან 0:5 და დინამო თბილისთან 0:5. შემდეგ იყო ერთი ფრე გორის დილასთან 0:0 და ისევ მიჯრით წაგებები. შუქურამ ოთხი მატჩი დათმო. საბურთალოსთან 0:5, სამტრედიასთან 0:2, ტორპედოსთან 0:1 და ჩიხურასთან 1:4. ამას მოჰყვა უგოლო ფრე კოლხეთთან და ისევ მარცხი, ამჯერად 2:4 ბათუმის დინამოსთან. ბოლო ტურში შუქურამ ლოკომოტივს 3:0 მოუგო.

 

 

შუქურა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 7 შეხვედრას ითვლის. ექვსი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 18/2.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელები არ გამოტოვებენ.

 

 

შუქურა - დინამო  | მსაჯი

ქობულეთის შუქურასთან მოახლოებულ დაპირისპირებას არსენ ნონიკაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას დ. გაბისონია და ა. აფციაური გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი კ. გიორგაძე შეასრულებს.

 

 

შუქურას სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით მატჩში ქობულეთელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

სტურუა - ჭეჟია, კალანდაძე, ცეცხლაძე, ჩაჩუა - კლიმიაშვილი, კუტალია, საბაძე, გურული - მამულაშვილი, ჟეფინიუ

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024