• Geo
  • Eng
01.06.2017
დინამომ შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს ქობულეთში ჩელე არენაზე ეროვნული ლიგის მე- 16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა შუქურამ დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩი დედაქალაქელთათვის არც ისე სასიამოვნოდ დაიწყო. მეექვსე წუთზე ჩვენს საჯარიმოში ლაშა თოთაძეს ბურთი მოხვდა ხელზე და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ლაშამ კი ყვითელი ბარათიც მიიღო. პენალტი ზუსტად ლევან კუტალიამ შეასრულა და ანგარიშიც გაიხსნა. დინამომ მალევე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. გიორგი ჩაკვეტაძემ ითამაშა ტექნიკურად, ცრუ მოძრაობით რამდენიმე მცველს გაცდა და საჯარიმოს ხაზთან ბაჩანა არაბულს გადააწოდა ბურთი, რომელმაც ერთი დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო. მე- 19 წუთზე დინამომ მეორედ აიღო შუქურას კარი. ისევ აღსანიშნავია ჩაკვეტაძის კარგი თამაში, რასაც საბა ლობჟანიძის დარტყმა მოჰყვა- საბოლოოდ ბურთი რომან ჩაჩუას მოხვდა და 1:2. ათ წუთში საბა ლობჟანიძემ ზუსტი და ტექნიკური საჯარიმო დარტყმით თბილისელები ორი ბურთით დააწინაურა. 37- ე წუთზე ბაჩანა არაბულს მართებდა კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა მეკარემ ბოლო წამს იყოჩაღა. პირველი ტაიმი, რომელიც დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა 1:3 დასრულდა. მეორე ნახევარი კახი კაჭარავამ ცვლილებით განაახლა. ოთარ კიტეიშვილის ნაცვლად მოედანზე გიორგი კუცია შემოვიდა, რომელმაც ერთ წუთში მასპინზელთა კარში შორი მანძილიდან ლამაზი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა დინამოელმა კარგად შენიშნა მეკარის მდგომარეობა მოედანზე და დაახლოებით 35 მეტრიდან დინამოში სადებიუტო გოლით დალაშქრა ქობულეთელთა კარი. თამაში უფრო მშვიდ კალაპოტში გადავიდა და ძირითადად დინამოელთა ბურთის კონტროლით გაგრძელდა. 68- ე წუთზე თბილისელებს ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, თუმცა ბოლო წამს მასპინძელთა დაცვამ იყოჩაღა. ამის შემდეგ დღევანდელ შეხვედრაში უდავოდ ერთ ერთმა საუკეთესომ- გიორგი ჩაკვეტაძემ, კიდევ ერთხელ ითამაშა ტექნიკურად და საჯარიმოშიც შეიჭრა, საბოლოოდ ბექა მიქელთაძის დარტყმული კარს აცდა. შეხვედრაში მეტი განსაკუთრებული აღარაფერი მომხდარა და დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა. დღევანდელი შეხვედრა ტრავმის გამო გიორგი ზარიამ გამოტოვა. იმავე მიზეზით ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევი ახალგაზრდულ სანაკრებო განაცხადშიც ვერ მოხვდა, იგი ამ წრეში ვეღარ ითამაშებს. მომდევნო მატჩს დინამო 17 ივნისს საბურთალოსთან გამართავს.

 

შუქურა 1:4 დინამო

 

გოლი: 1:0 კუტალია (პენ) 7’  1:1 არაბული 15’  1:2 ჩაჩუა ა.გ.19’  1:3 ლობჟანიძე 28’  1:4 კუცია 47’ 

გაფრთხილება: თოთაძე 6’  მალაზონია 38’  სტურუა 59’ 

 

შუქურა: სტურუა (კამინსკი 58), ცეცხლაძე, ჩაჩუა, მახარაძე, კალანდაძე, კლიმიაშვილი (მალაზონია 35), ჟეფინიუ, კუტალია, გურული (ჭეჭელაშვილი 83), არქანია, შალამბერიძე

დინამო: ლიტოვჩენკო, თევზაძე, ლოჩოშვილი, თოთაძე, სალუქვაძე, ქარდავა, კიტეიშვილი (კუცია 46), ჩაკვეტაძე, ლობჟანიძე, მიქელთაძე (მესხი 79), არაბული (პაპუნაშვილი 75)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024