15 ოქტომბერს საქართველოს ოცდამცხრე ჩემპიონატის ოცდამეცხრე ტურში დინამო არენაზე თბილისური დერბი შედგება. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება.
15 ოქტომბერს დინამო თბილისმა 17 ოფიციალური მატჩი გამართა. თბილისელებმა 9- ჯერ იმარჯვეს და სამ შეხვედრაში დამარცხდნენ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 39/20 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.
დინამომ 15 ოქტომბერს 1938, 1958, 1962 და 1963 წლებში ითამაშა და ყველა მატჩი 1:1 დასრულდა. მეტოქეობა შესაბამისად სტალინოს სტახანოვეცმა, კიშინიოვის მოლდოვამ, დონეცკის შახტიორმა და ქუთაისის ტორპედომ გაგვიწია, გოლები კი გაიოზ ჯეჯელავას, კონსტანტინე გაგნიძის, ვლადიმერ ბარქაიას და შოთა იამანიძის ანგარიშზეა. 1964 წელს დინამომ ბაქოს ნეფტიანიკი მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 4:3 დაამარცხა მეზობელი. მიშა მესხმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ვლადიმერ ბარქაიამ და ილია დათუნაშვილმა გაიტანეს. მომდევნო წელს დონის როსტოვში სკა- თან დამარცხდა ჩვენი გუნდი ანგარიშით 2:3. გოლები გურამ ცხოვრებოვმა და ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანეს. 1976 წელს მინსკელ თანაკლუბელებს ვუმასპინძლეთ. 2:0 მოგებულ შეხვედრაში თავის გამოჩენა ზურაბ წერეთელმა და დავით ყიფიანმა მოახერხეს. 1981 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვში ადგილობრივ ტორპედოსთან ორის წილ ორი გოლი გაიტანეს. რამაზ შენგელიამ დუბლი გაიფორმა. 1983 წელს ალექსანდრე ჩივაძის გოლით კიევის დინამოს ვაჯობეთ 1:0. მომდევნო სეზონში ოდესაში ჩერნომორეცმა 4:1 მოგვიგო. ერთადერთი გოლი უმცროსი მიშა მესხის ანგარიშზეა.
1992 წელს ქართული დერბი ქუთაისში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან თავი არჩილ არველაძემ გამოიჩინა. 1993 წელს მრეტებთან მატჩში დინამომ ოთხი გოლი გაიტანა და 4:1 იმარჯვა. შოთა არველაძემ ორჯერ აიღო მრეტების კარი, თითო გოლიც გელა ინალიშვილმა და გიორგი ქინქლაძემ გაიტანეს. მომდევნო წელს დინამომ ზესტაფონის მარგვეთი მიიღო და არასაფეხბურთო ანგარიშით 10:1 დაჯაბნა მეტოქე. გიორგი ქინქლაძემ ჰეთ თრიქი გაიფორმა, დუბლი შოთა არველაძემ, დანარჩენი გოლები კი- მურთაზ შელიამ, გელა ინალიშვილმა, შალვა ხუჯაძემ, დავით პეტრიაშვილმა და არჩილ არველაძემ გაიტანეს. 1996 წელს თბილისელებმა უეფას თასის 1/16 ფინალში ბოავიშტა მიიღეს და კახი გოგიჩაიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს პორტუგალიური კლუბი. 1997 წელს დინამომ გია ჩხაიძის გოლით თსუ 1:0 დაამარცხა. 2002 წელს ჩვენმა გუნდმა გორის დილა მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ირაკლი სამხარაძემ (2), ვიტალი დარასელიამ და დავით კვირკველიამ გამოიჩინეს თავი. 2016 წელს ვლადიმერ დვალიშვილისა და ზაზა ჭელიძის გოლებით დინამომ ლანჩხუთში ადგილობრივი გურია 2:0 დაამარცხა.