• Geo
  • Eng
17.10.2017
დილა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

19 ოქტომბერს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის ოცდამეათე ტურის შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. დილასთან შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 58- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს უპრეცენდენტო უპირატესობა აქვს. 42 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 12 შეხვედრა ფრედ  დასრულდა და 4 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 150/32 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა- 6:1 და ოთხჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1 და 4:0. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა 2:2 და 1:1 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0).

ბოლოს საქართველოს პირველობაზე დინამო თბილისი გორის დილას 2017 წლის 4 აგვისტოს დაუპირისპირდა. მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 5:0 დასრულდა. გიორგი ჩაკვეტაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ბაქარ ქარდავამ, ბექა მიქელთაძემ და ლაშა ქოჩლაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024