საქართველოს ეროვნულმა, ახალგაზრდულმა და 19 წლამდელთა ნაკრებებმა საერთაშორისო მატჩები გამართეს.
ჯვაროსანთა მთავარი კრებული თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ამხანაგურ შეხვედრაში ლიხტენშტეინის ნაკრებს დაუპირისპიდა. შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თემურ ქეცბაიას ამ მატჩისთვის სანაკრებო სიაში ოთხი დინამოელი ჰყავდა მიწვეული. გიორგი ლორიამ შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. დავით კვირკველია კი მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში. ირაკლი ძარია და გიორგი ხიდეშელი სათადარიგოთა შორის იყვნენ.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლა და ფრედ 1:1 დაშორდა. ნაკრების კაპიტანმა– ნიკა კვეკვესკირმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გიორგი პაპავამ 81– ე წუთამდე დაჰყო მინდორზე. ბუდუ ზივზივაძემ პირველი 55 წუთი იასპარეზა ლუქსემბურგელების წინააღმდეგ და შემდეგ საბა ლობჟანიძემ შეცვალა. ლუკა თათხაშვილი კი სათადარიგო გახლდათ.
საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა სტამბულში, გალათასარაის 20 წლამდელთა გუნდთან იასპარეზა. შეხვედრა ვასილ მაისურაძის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. დაპირისპირებაში მათე ცინცაძემ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი პაპუნაშვილმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა თურქების კარში. ცინცაძემ 90 წუთი იასპარეზა გალათასარაის წინააღმდეგ, ხოლო პაპუნაშვილი 72 წუთზე გამოცვალეს. ალექსანდრე გურეშიძემ ბოლომდე დაჰყო მინდორზე, ხოლო არჩილ მესხმა მეორე ტაიმი ჩაატარა სრულად.