მატჩი ორივე გუნდმა დაბალ რიტმში დაიწყო, თუმცა ცოტახანში დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობა გამოიხატა. მე- 11 წუთზე გორელები გაშვებულ გოლს კიპერმა - მიხეილ მუჯრიშვილმა გადაარჩინა. მან ბაქარ ქარდავას შორი მანძილიდან უძლიერესად დარტმული ბურთი ბოლო წამს კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ თამაში უფრო გამოცოცხლდა და ურთიერთშეტევებში გაგრძელდა. მატჩის 29- ე წუთზე დილას ფეხბურთელებმა ხელსაყრელი სიტუაციიდან საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. პედრინიუმ ბურთი საკმაოდ ტექნიკურად და ოდნავ არაზუსტად გაგზავნა დინამოს კარისკენ. შეხვედრაში ანგარიში მე- 40 წუთზე გაიხსნა. გიორგი ფანცულაიამ ლაშა სალუქვაძესთან ორთაბრძოლაში მოიპოვა ბურთი, მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა. საპასუხოდ დედაქალაქელებსაც მართებდათ გოლის გატანა, თუმცა აკაკი შულაიას ჩაწოდებულის შემდეგ ბექა მიქელთაძემ არაზუსტად დაარტყა კარისკენ. პირველ ტაიმში მეტი სახიფათო მომენტი აღარ შექმნილა. მეორე ტაიმი დინამომ შეტევებით განაახლა, ერთ მომენტში ბექა მიქელთაძე საჯარიმოში შეიჭრა და კარისკენ არტყავდა, ბურთი მცველს ხელში მოხვდა, თუმცა არბიტრს თამაში არ შეუჩერებია. თბილისელები განაგრძობდნენ შეტევებს, მაგრამ ბოლო ფაზაში - უშედეგოდ. მატჩის 69- ე წუთზე დედაქალაქელებმა კარის აღების ორი რეალური მომენტი გაუშვეს ხელიდან. შეცვლაზე შემოსული ლაშა ქოჩლაძე ერთი ერთზე გავიდა მეკარესთან, მისი დარტყმული მუჯრიშვილმა მოიგერია, დამატებაზე პირველი ბექა ქავთარაძე გაჩნდა, რომელმაც ბურთი დაუცველ კარს ააცილა. საბოლოოდ დინამოს მასირებულმა შეტევებმა შედეგი 82- ე წუთზე გამოიღო. ბექა ქავთარაძე საჯარიმოში აკრძალული ხერხით შეაჩერეს და მსაჯმაც თერთმეტმეტრიანზე მიანიშნა. პენალტი ძლიერი დარტყმით გოლად ლაშა თოთაძემ გარდასახა. სამიოდე წუთში მუჯრიშვილმა მიქელთაძის მაკრატელა მოიგერია და გადაარჩინა თავისი გუნდი. მსაჯმა შეხვედრას სამი წუთი დაამატა, ამ პერიოდში კი დინამომ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ბოლო წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული საჯარიმო დარტყმა ლაშა თოთაძემ დაახლოებით 30 მეტრიდან ყუმბარისებული დარტყმით გორის დილას კარის ცხრიანში გაიტანა. საბოლოოდ დინამომ მორიგი სამი ქულა მოიპოვა და უახლოეს მდევართან 4 ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა. მომდევნო მატჩს თბილისელები 23 ოქტომბერს დინამო არენაზე სამტრედიას წინააღმდეგ ჩაატარებენ.
დილა 1:2 დინამო
გოლი: 1:0 ფანცულაია 40’ 1:1 თოთაძე (პენ) 82’ 1:2 თოთაძე 90+3’
გაფრთხილება: კვახაძე 82’ შულაია 89’
დილა: მუჯრიშვილი, ფოფხაძე, რაზმაძე, წიქარიძე (ნუბიო 76), ნონიკაშვილი, ფანცულაია (მოდებაძე 72), აბუბაქარი (პაპავა 46), კირკიტაძე, კვახაძე, პედრინიუ, მორასი
დინამო: ლიტოვჩენკო, გეგეჭკორი, სალუქვაძე, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ზარია (ქოჩლაძე 66), შულაია (კუცია 90+1), კიტეიშვილი, მიქელთაძე, ქავთარაძე
მსაჯი: ჯ. ხორავა