• Geo
  • Eng
08.09.2017
დინამო - შუქურა | მატჩამდე

ეროვნული ლიგის ოცდამეხუთე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება დინამო არენაზე 20.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

ქობულეთის შუქურა 1968 წელს დაარსდა. გუნდის ფერები ამ სეზონში შავ-თეთრადაა გადაწყვეტილი. ქობულეთელები საშინაო მატჩებს ჩელე არენაზე ატარებენ, რომლის ტევადობაც 6000 მაყურებელზეა გათვლილი. მიმდინარე პირველობის მატჩებს კი ბათუმში, რაგბი არენაზე ატარებენ. თავდაპირველად გუნდს- ქობულეთი ერქვა. ქობულეთი 2003-2004 წლების სეზონში პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა. შემდგომ წლებში გუნდი დაიშალა და 2011 წელს განახლდა, მთავარი მწვრთნელის- ასლან ბალაძის დახმარებით რეგიონალურ ლიგაში წარმატებით ასპარეზობის შემდეგ შუქურა პირველ ლიგაში დაბრუნდა. მალევე ასლან ბალაძემ დატოვა კლუბი და მის ნაცვლად ვალერი ჩხარტიშვილი მოვიდა. 2012-2013 წლების სეზონში შუქურა პირველი ლიგის B ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. 2013-2014 წლების სეზონში ასპარეზობა ამჯერად პირველი ლიგის A ჯგუფში განაგრძო და ჩემპიონიც გახდა. 2013-2014 წლების სეზონში შუქურამ შესძლო ისტორიაში პირველად საქართველოს თასის ნახევარფინალში გასვლა, სადაც საჩხერის ჩიხურასთან დამარცხდა. ყველაზე დიდი ანგარიშით შუქურამ ბათუმის ადელი და ოზურგეთის მერცხალი დაამარცხა (6:0). ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ჩიხურასთან განიცადა (0:8).

 

 

მწვრთნელი და შუქრა

ქობულეთის შუქურას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაისის თვიდან ვეტერანი ფეხბურთელი - გიორგი შაშიაშვილი მუშაობს. მისი დებიუტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ამ სეზონში შუქურამ პირველი გამარჯვება სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა, როდესაც ლოკომოტივს თბილისში 3:0 აჯობა. მისი გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში 11 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

 

 

დინამომდე

შუქურამ მიმდინარე ჩემპიონატი სამტრედიაში 1:1 ნათამაშები ყაიმით გახსნა. იგივე ანგარიში ქობულეთელებმა მომდევნო ტურში ქუთაისის ტორპედოსთან დააფიქსირეს. საქართველოს თასზე შუქურა საფეხბურთო კლუბ გორთან დამარცხდა პენალტების სერიაში. ამის შემდეგ ქობულეთელებმა მიჯრით ხუთი მატჩი დათმეს ეროვნულ ლიგაში. შესაბამისად- ჩიხურასთან 1:3, ფოთის კოლხეთთან 2:4, ბათუმის დინამოსთან 0:2, ლოკომოტივთან 0:5 და დინამო თბილისთან 0:5. შემდეგ იყო ერთი ფრე გორის დილასთან 0:0 და ისევ მიჯრით წაგებები. შუქურამ ოთხი მატჩი დათმო. საბურთალოსთან 0:5, სამტრედიასთან 0:2, ტორპედოსთან 0:1 და ჩიხურასთან 1:4. ამას მოჰყვა უგოლო ფრე კოლხეთთან და ისევ მარცხი, ამჯერად 2:4 ბათუმის დინამოსთან. ამის შემდეგ შუქურამ ლოკომოტივს 3:0 მოუგო, რასაც ხუთმატჩიანი წაგებათა სერია მიაბა. დინამოსთან 1:4, 0:4 დილასთან, 1:2 საბურთალოსთან, 1:4 სამტრედიასთან და 1:2 ტორპედოსთან. შემდეგ იყო ფრე 1:1 ჩიხურასთან და გამარჯვება ფოთის კოლხეთთან 3:2. ამის შემდეგ ისევ მიჯრით ორი მარცხი. ბათუმის დინამოსთან 2:3 და ლოკომოტივთან 1:3.

 

 

დინამო - შუქურა | ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირება ეროვნულ ასპარეზზე 8 შეხვედრას ითვლის. შვიდი მატჩი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი დედაქალაქელთა სასარგებლოდაა - 22/3.

საქართველოს ჩემპიონატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად 2014/2015 წლების გათამაშების პირველ წრეში შეხვდნენ. 16 სექტემბერს დინამო არენაზე გამართული მატჩი, ჩვენი გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 6:0 დასრულდა. ორი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ გაიტანა, თითო კი საბა ლობჟანიძემ, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი პაპუნაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ. 14 მარტს ქობულეთში შემდგარი შეხვედრა ასევე დინამოელთა გამარჯვებით მორჩა. მატჩის ერთადერთი გოლი ლაშა პარუნაშვილის ანგარიშზეა. მომდევნო სეზონში დინამომ ორივე შეხვედრაში აჯობა ქობულეთელ ვიზავის. 2015 წლის 12 დეკემბერს ჩელე არენაზე გამართულ ორთაბრძოლაში დინამომ ერთის წილ სამი გოლი გაუტანა მასპინძლებს. გოლები გიორგი ქვილითაიამ, გიორგი გურულმა და ჯაბა ჯიღაურმა ჩაიწერეს აქტივში. 22 მაისს კი, პირველობის ბოლო ტურში თბილისელებმა ვახო ჭანტურიშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს მეტოქე. დინამო ზღვისპირელებს 2016 წლის 11 სექტემბერს შეხვდა და ფრედ 1:1 დაცილდა მეტოქეს. გოლი ქობულეთელთა კარში ალექსანდრე ამისულაშვილმა გაიტანა. 6 ნოემბერს ქობულეთში ზაზა ჭელიძემ გაიტანა და და დინამომ 1:0 მოიგო. მიმდინარე პირველობის პირველ წრეში გუნდები დინამო არენაზე წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ და დინამომ დიდი ანგარიშით 5:0 დაჯაბნა სტუმრები. ბაჩანა არაბულმა ჰეთ თრიქი შეასრულა. თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილმა და საბა ლობჟანიძემ გაიტანეს ზღვისპირელთა კარში. მეორე წრის მატჩში ჩელე არენაზე ასევე 5 გოლი გავიდა. ამჯერად დინამომ 4:1 იმარჯვა. არაბულმა, ლობჟანიძემ და კუციამ გაუტანეს ქობულეთელებს. ჩაჩუამ კი ავტოგოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე.

 

 

მსაჯი და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

შეხვედრას დავით სანოძე წარუძღვება, დისკვალიფიკაციის გამო კი მატჩს დინამოელი მიკოლა კოვტალიუკი და ქობულეთელი რომან ჩაჩუა გამოტოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024