• Geo
  • Eng
17.06.2017
დინამომ საბურთალო დიდი ანგარიშით დაამარცხა

დღეს თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მე- 17 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საბურთალომ დინამოს უმასპინძლა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. უკვე მესამე წუთზე ბექა მიქელთაძის ძლიერად დარტმული ბურთი ლაზარე კუპატაძემ უკუაგდო, დამატებაზე კი გიორგი პაპუნაშვილს არ გაუმართლა. საპასუხოდ ლაშა შინდაგორიძე უტევდა ჩვენი გუნდის კარს სახიფათოდ, რასაც საბოლოოდ კუთხური მოჰყვა. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე ხუთ წუთიან მონაკვეთში ბექა მიქელთაძის შორი მანძილიდან და გიორგი პაპუნაშვილის მაკრატელა დარტყმებია აღსანიშნავი. საბურთალომაც სახიფათოდ შეუტია სტუმრებს და გიორგი ხარაიშვილის ერთი შეხებით ძლიერად დარტმული ზემოდან გადაცდა დინამოელთა კარს. პირველმა ტაიმმა შედარებით დაბალ სათამაშო რიტმში ჩაიარა, რაშიც თავისი წვლილი ჰაერის უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამაც შეიტანა. შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული გამოდგა. დინამოელები გაცილებით აქტიურად ათამაშდნენ და ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში ანგარიშიც გახსნეს. შეცვლაზე შემოსული დავით კობოურის ჩაწოდებას, ბაჩანა არაბული ზუსტი თავური დარტყმით გამოეხმაურა. ცოტახანში საბა ლობჟანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ჩაიქროლა, რამდენიმე მეტოქეს გვერდიც აუარა და ძლიერი დარტყმით დინამო ორი გოლით დააწინაურა. დინამოელებმა უმატეს შეტევებს, რასაც არაბულის და პაპუნაშვილის გაცუდებული მომენტები მოჰყვა. 70- ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც საკმაოდ აქტიური გახლდათ დაახლოებით 25 მეტრიდან უძლიერესი და ზუსტი დარტყმით გაუტანა ლაზარე კუპატაძეს. შეხვედრის ბოლოსკენ მასპინძლებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს. ხარაიშვილი და შინდაგორიძე ცდილობდნენ ურთიერთშეხვედრებში საბურთალოს სასარგებლოდ გოლის გატანას, თუმცა ამაოდ. ორივე შემთხვევაში სერგეი ლიტოვჩენკომ ითამაშა კარგად. საპასუხოდ კი ახალგაზრდა ნიკა ნინუამ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ლურჯ-თეთრი მაისურით. მსაჯის კომპენსირებულ დროს კი ნიკამ პაპუნაშვილს საგოლედ უპასა და დინამომ 5:0 იმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი 21 ივნისს ჩაატარებს. მორიგი ქართული დერბი დინამო არენაზე გაიმართება და 21.00 საათზე დაიწყება.

 

საბურთალო  0:5  დინამო

 

გოლი: 0:1 არაბული 47’  0:2 ლობჟანიძე 51’  0:3 პაპუნაშვილი 70’  0:4 ნინუა 90’  0:5 პაპუნაშვილი 90+2’

გაფრთხილება: ჩაბრაძე 20’

 

საბურთალო: კუპატაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, ტერა, ხარაიშვილი, არზიანი, ფიფია, შინდაგორიძე

დინამო: ლიტოვჩენკო, თევზაძე, ლოჩოშვილი, გველესიანი, სალუქვაძე, ქარდავა, კუცია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, არაბული

 

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024