• Geo
  • Eng
16.06.2017
საბურთალო - დინამო | მატჩამდე

ეროვნული ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18.00 საათზე დაიწყება.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი, თუმცა ამ სეზონში საბურთალო საშინაო შეხვედრებს ჯერ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მართავდა, ახლა კი გუნდმა კიდევ ერთხელ შეიცვალა ალაგი და მეტოქეებს დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე მიიღებს. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გასულ ჩემპიონატში, წითელ ჯგუფში საბურთალომ მესამე პოზიცია დაიკავა და ბრინჯაოს პლეი ოფში დინამოს შეხვდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის ოქტომბრიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მანამდე იგი 2 წელი ედგა საბურთალოს სათავეში. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით 22 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

საბურთალომ ეროვნული ლიგა ქუთაისის ტორპედოსთან 1:0 გამარჯვებით გახსნა. ამას მოჰყვა მარცხი ფოთის კოლხეთთან 0:3 და თასის 1/16 ფინალში იმავე ანგარიშით შევარდენთან. შემდეგ იყო ორი გამარჯვება, ლოკომოტივთან 2:1 და დილასთან 1:0, რასაც ასევე ორი მარცხი მოჰყვა შესაბამისად- სამტრედიასთან 1:2 და ისევ 1:2 ჩიხურასთან. საბურთალო ბათუმის დინამოს ეთამაშა და 2:0 იმარჯვა, შემდეგ კი იმავე ანგარიშით ჩვენს გუნდთან დამარცხდა. ამას მოჰყვა მოგება, ფრე და მარცხი. 5:0 შუქურასთან, 0:0 ტორპედოსთან და ფოთის კოლხეთთან 1:2. 2:1 მოუგო საბურთალომ ლოკომოტივს, შემდეგ კი სამ შეხვედრაში დამარცხდა მიჯრით. 0:1 დილასთან, 2:3 სამტრედიასთან და 1:2 ჩიხურასთან. ბოლოს საბურთალომ ბათუმის დინამოს 1:0 მოუგო.

 

 

დინამო  - საბურთალო

დინამოელთა შეხვედრებს საბურთალოსთან ხანმოკლე ისტორია აქვს. გუნდები საქართველოს ჩემპიონატში სულ ხუთჯერ წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ოთხ შემთხვევაში დინამომ აჯობა მეტოქეს, ერთი მატჩის ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 11/0 დინამოელთა სასარგებლოდ. 2015 წლის 29 აგვისტოს დინამო არენაზე მათე ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. გიორგი ქვილითაიამ პირველივე ტაიმში მეორედ აიღო საბურთალოს კარი. მესამე გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო წერტილი ალექსანდრე იაშვილმა დასვა და დინამომ 4:0 იმარჯვა. მეორე მატჩში, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე 2016 წლის 27 თებერვალს გაიმართა- გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა და გიორგი თევზაძემ გაუტანეს საბურთალოს და ისევ 4:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ. მესამედ თბილისური გუნდები ერთმანეთს 2016 წლის 30 ნოემბერს, გარდამავალი პირველობის ბრინჯაოს პლეი ოფში შეხვდნენ და გატანილი გოლების გარეშე 0:0 დაცილდნენ. საპასუხო მატჩი დინამომ 4 დეკემბერს 1:0 მოიგო. გოლი საბურთალოს კარში გიორგი ზარიამ გაიტანა. მიმდინარე პირველობაზე დინამომ 23 აპრილს მიიღო თანაქალაქელი და 2:0 აჯობა. გოლები საბურთალოს კარში საბა ლობჟანიძემ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს.

 

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ფეხბურთელები არ დააკლდებიან.

 

 

საბურთალო - დინამო | მსაჯი

შეხვედრას საბურთალოს წინააღმდეგ- გოგა კიკაჩეიშვილი განსჯის. მას ასისტენტობას მ. კუპატაძე და კ. სადილიანი გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები ჯ. ხორავა და შ. ქუხილავა იქნებიან. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ლ. სილაგავა შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გოგა კიკაჩეიშვილმა იმსაჯა 2 ივნისს, ეროვნული ლიგა 2- ში გამართული მეშახტე 0:0 ვიტ ჯორჯია გახლდათ, სადაც მატჩის მონაწილე ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით გოგა კიკაჩეიშვილმა ბოლოს 2017 წლის 10 მაისს იმსაჯა. თბილისური დერბი დინამოელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მატჩის მთავარმა არბიტრმა ერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის გოგა კიკაჩეიშვილის განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

გოგა კიკაჩეიშვილი (25 წლის)

===========================================

ეროვნული ლიგა - 61 თამაში / 232 ყვითელი / 17 წითელი / 10 პენალტი

ეროვნული ლიგა 2 – 111 თამაში / 424 ყვითელი / 37 წითელი / 29 პენალტი

საქართველოს თასი - 15 თამაში / 42 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

მალტის პრემიერ ლიგა - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

კუპატაძე - ლაკვეხელიანი, მარგველაშვილი, ცნობილაძე, მამუჩაშვილი - ხარაიშვილი, არზიანი, ალვინი, კოხრეიძე - გონსალვეში, შინდაგორიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024