საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ყაზახეთში მიმდინარე პრეზიდენტის თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და მეორე მატჩი მოიგო. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა გუშინ ალბანეთთან 5:0 გამარჯვების შემდეგ არც ყირგიზეთი დაინდეს და 7:1 გაანადგურეს შუააზიელები. ანგარიშიდანაც ჩანს, თუ რამხელა უპირატესობას ფლობდა გიორგი ნემსაძის გუნდი, გოლები კი ერთმანეთზე ლამაზი გაიტანეს ჩვენმა ჭაბუკებმა. შვიდი ზუსტი დარტყმიდან ექვსი ჩვენი კლუბის ფეხბურთელებზე მოდის. დინამოელთაგან ნაკრების კაპიტანმა ზუკა დავითაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიფორმა, ბოლო გოლი კი გიორგი ლომთაძემ შეაგდო. ერთი გოლიც გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა. სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ნემსაძემ დინამოს 4 ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ათამაშა. შეცვლაზე კი გიორგი ლომთაძე დაელგუჯა ჯანგველაძე შეიყვანა. ჯგუფში მესამე მატჩს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 7 სექტემბერს ყაზახეთთან გამართავს.