• Geo
  • Eng
07.09.2017
17 წლამდელები ფინალში რუსეთთან

ყაზახეთში მიმდინარე პრეზიდენტის თასზე საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მესამე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც მასპინძლებს- ყაზახეთს დაუპირისპირდა და ფრედ 4:4 დაცილდა. მატჩი საინტერესოდ წარიმართა და აღსანიშნავია, რომ ჭაბუკმა ჯვაროსნებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს. სამივე გოლში დინამოელებმა მიიღეს მონაწილეობა. ანგარიში ზუკა დავითაშვილმა ეფექტურად, ქუსლით გახსნა, შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ იყოჩაღა და დაახლოებით 25 მეტრიდან დალაშქრა ყაზახთა კარი. მანვე მესამე გოლში მიიღო მონაწილეობა, რასაც მეტოქის ავტოგოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში მასპინლები გააქტიურდნენ, მათ ფინალში სათამაშოდ მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. მეტოქემ ორი გოლის გატანა მოახერხა, საპასუხოდ კი ზუკა დავითაშვილმა ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. ყაზახეთმა კიდევ გაიბრძოლა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ მეოთხე გოლი მეტად საეჭვო სიტუაციიდან გაიტანეს, რაზეც არბიტრმა თვალი დახუჭა. საბოლოოდ შეხვედრა 4:4 დასრულდა და გიორგი ნემსაძის ნაკრები ხვალ ფინალურ შეხვედრაში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ნემსაძემ დინამოს 4 ფეხბურთელი - ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი, ზუკა დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ათამაშა. შეცვლაზე კი გიორგი ლომთაძე და ელგუჯა ჯანგველაძე შეიყვანა.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024